''რუსთავმა'' ''კოლხეთი'' ლობჯანიძის გოლით დაამარცხა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ''კოლხეთი'' ფოთში ''რუსთავთან'' დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე წუთზე ''რუსთავის'' ფორვარდმა ელგუჯა ლობჟანიძემ გაიტანა.
საგოლე კომბინაცია გამოცდილი დავით კვირკველიას შორეული გადაცემით დაიწყო, მარცხენა ფლანგზე სტუმართა ნიგერიელმა ლეგიონერმა რაფაელ ჩუკვურამ იაქტიურა, მის საგოლე გადაცემას კი ელგუჯა ლობჯანიძის გოლი მოჰყვა. ლობჯანიძემ ''კოლხეთის'' საჯარიმოში პეტერსონ კაბორეს დაასწრო და მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი შეაგდო.
57-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა პეტერსონ კაბორეს წითელი ბარათი უჩვენა და ''რუსთავმა'' დარჩენილი დრო რიცხვობრივ უპირატესობაში გაატარა.
ფოთის ''კოლხეთი'' ბოლო, მე-10 ადგილზეა. ვიქტორ დემიდოვის გუნდი უშუალო კონკურენტებს, ''სამტრედიასა'' და ''სიონს'' შესაბამისად 7 და 17 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება ''რუსთავს,'' უჩა სოსიაშვილის გუნდი 33 ქულით მე-7 ადგილზეა და მე-9 პოზიციაზე მყოფ ''სიონს'' მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. 33-ე ტურში ''სიონი'' ''მიხეილ მესხი 2''-ზე თბილისის ''ლოკომოტივს'' უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მე-7 ადგილზე დაბრუნდება.
შეგახსენებთ, მე-10 ადგილოსანი ეროვნულ ლიგას დატოვებს, ხოლო მე-8 და მე-9 პოზიციაზე გასული კლუბები გადათამაშებაში ეროვნული ლიგა 2-ის მეორე და მესამე ადგილოსნებს შეხვდებიან.
ფოტო/ვიდეო: ''რუსთავის'' პრესსამსახური, eliga.ge