Gazzetta dello Sport: იბრა
Aa
Aa

Gazzetta dello Sport: იბრა "მილანში" თითქმის გადაწყვეტილია!

როგორც მოვლენათა განვითარება აჩვენებს, დიდი შანსია, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ევროპული კარიერა დასრულებული არ იყოს. "იბრაკადაბრას" ბოლო დროს ყოფილ კლუბ "მილანთან" აქტიურად აკავშირებენ.

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ მილანელებსა და შვედ თავდამსხმელს შორის შეთანხმება მიღწეულია, იგი "როსონერის" ზამთარში შეუერთდება და მისი მაისურით სეზონის ბოლომდე ითამაშებს. 

MLS-ის 2018 წლის რეგულარული სეზონი უკვე დასრულებულია, ახალი გათამაშება კი მარტის დასაწყისში აიღებს სტარტს. შესაბამისად, მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ იბრაჰიმოვიჩი "მილანის" რიგებში მაისის ბოლომდე იჯარის წესით იასპარეზებს, რის შემდეგაც "გალაქსის" დაუბრუნდება.

როგორც ხსენებული გამოცემა გვამცნობს, ვეტერანი ფორვარდი 6 თვიან კონტრაქტში 2.2 მილიონ ევროს მიიღებს. ეს გარიგება დევიდ ბექჰემის "მილანში" გადასვლის იდენტურია. "ბექზიმ" იტალიურ გრანდში 6 თვიანი იჯარით 2-ჯერ - MLS-ის 2009 და 2010 წლების სეზონების შემდეგ ითამაშა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ოქტომბერში 37 წლის გახდა. იგი "გალაქსის" წელს შეუერთდა და MLS-ის რეგულარულ სეზონში 22 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა. იბრა რეგულარულის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ხოსეფ მარტინესს ჩამორჩა, რომელმაც მეტოქეთა კარში 31 გოლი შეაგდო.

"იბრაკადაბრა" მილანელთა შემადგენლობაში 2010-2012 წლებშიც გამოდიოდა, როცა გუნდთან ერთად იტალიის სერია A და ქვეყნის სუპერ თასი მოიგო. მან ლომბარდიელთა მაისური 89 შეხვედრაში მოირგო და 59 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები