"ჩემი ქვეყნის დროშის გაშლას, ვერასდროს და ვერსად დამიშლიან"...
ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩისას, რომელშიც შვედეთის ნაკრები რუსეთს მასპინძლობდა, სტოკჰოლმის "ფრენდს არენა"-ს ტრიბუნებზე საქართველოს დროშებს შეხვდებოდით.
შვედეთის დედაქალაქში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული ოკუპაციის მიმართ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატეს და ტრიბუნებზე ჩვენი ქვეყნის დროშები გამოფინეს.

აღნიშნული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ანი გამყრელიძემ "ფეისბუქის" მეშვეობით პოსტი გაავრცელა, რომელშიც ტრიბუნებზე მყოფი ადამიანების მიზანი და სულისკვეთებაა გადმოცემული.
"ძალიან საწყენია რომ ამაზე კომენტარის გაკეთება მიწევს, თუმცა მაინც მინდა გიპასუხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მწერთ, პოლიტიკა და სპორტის არევა სასაცილო ან არასწორი საქციელიაო...
დავიწყებ იქიდან, რომ, არცერთი ჩვენგანი არ ურევს ამ ორს ერთმანეთში, არც გასაკვირი უნდა იყოს, შვედეთში მაცხოვრებლები თუ მათ გუნდს ვგულშემატკივრობთ (!!),
როდესაც ხარ ემიგრანტი, ათასობით კილომეტრით შორს საკუთარი მიწიდან, ვერც საოკუპაციო ხაზზე აფიქსირებ შენ პროტესტს და ფიზიკურად არ გეძლევა სხვა საშუალება გულისტკივილის გამოხატვის, სწორად მიმაჩნია, ოკუპანტებს შევახსენოთ ეს ამბავი, ყველგან (!) სადაც საშუალება მოგვეცემა!!
ეს არ ყოფილა პოლიტიკური აქცია, ნებისმიერი არასწორი მოქმედება და , დამიჯერეთ, სტადიონზე არავინ შეგვიშვებდა. ჩემი ქვეყნის დროშის გაშლას, ვერასოდეს დამიშლიან, სადაც არ უნდა ვიყო! და მაისურზეც ზუსტად ის მეწერება, რაც მიმაჩნია რომ ყველას უნდა გვახსოვდეს და მსოფლიომ გაიგოს!
პოლიტიკური ბანერებით რომ დამინახავთ სტადიონზე, მერე მლანძღეთ და დამცინეთ, გერევა და სტადიონზე ხარო". - წერს გამყრელიძე.

პოსტის კომენტარებში, ადამიანთა დიდი ნაწილი გამყრელიძესა და მის თანამოაზრეებს მხარდაჭერას უცხადებს. მათ ის სლოგანი აერთიანებთ, რაც ბოლო წლებში, სამწუხაროდ, საკმაოდ ხმარებადი გახდა - "მე ქართველი ვარ და ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული".