Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი დაამარცხა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. გამთენიისას „პისტონსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის აშკარა აუტსაიდერს, „კლივლენდ კავალიერსს“, დაუპირისპირდა და 113-102 იმარჯვა.

დეტროიტელებს 23 ქულითა და 16 მოხსნით ანდრე დრამონდმა ულიდერა. ბლეიკ გრიფინმა 21 ქულასთან ერთად 12 მოხსნა მიითვალა, რეჯი ბალოკი ასევე 21 ქულით გამოირჩა, ხოლო რეჯი ჯექსონმა აქტივში 13 ქულა ჩაიწერა.

ზაზა ფაჩულია მატჩში ტრადიციულად სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 10 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ სამივე ორქულიანი გააცუდა, ორი საჯარიმო გამოიყენა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

„კლივლენდის“ რიგებში 18 ქულით საუკეთესო კოლი სექსტონი გახლდათ. ჯორდან კლარკსონმა მატჩი 16 ქულით დაასრულა, ხოლო როდნი ჰუდმა 12 ქულა დააგროვა.

„კავალიერსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „დეტროიტს“ 8 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით „პისტონსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები