''ჩემი ქმედება სულელური იყო'' - ზარანდიამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა
პოლონეთის ექსტრაკლასას გასულ ტურში გდინიას ''არკა'' საკუთარ მოედანზე ''პოგონთან'' 2:3 დამარცხდა.
მასპინძელთაგან მეორე გოლი ლუკა ზარანდიამ გაიტანა, თუმცა მეტოქის მიმართ აგრესიული ქმედების გამო ქართველი გააკრიტიკეს. პოლონური მედია მიიჩნევდა, რომ ზარანდია წითელ ბარათს იმსახურებდა, თუმცა საბოლოოდ არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
ლუკა ზარანდიას მატჩისშემდგომ კომენტარს trojmiasto.wyborcza.pl-ზე ვკითხულობთ.
''პოგონის'' მეორე გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ მომენტში ბურთი დავკარგე, რასაც კონტრშეტევა და გოლი მოჰყვა. ეს იყო ყველაზე მტკივნეული მომენტი. ბურთი ვერ გავაკონტროლე, დავკარგე, ეს ჩემი შეცდომა იყო. ვგრძნობ პასუხისმგებლობას.''

მეორე ტაიმში, როცა ''არკა'' 2:1-ს იგებდა, ლუკა ზარანდიას დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, ''პოგონის'' მეკარე კარიდან გამოვიდა, ზარანდიამ კი კარისკენ დარტყმა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.
''ყველას თავისი აზრი აქვს. ტრიბუნაზე პროფესორები სხედან. ფიქრობენ რომ პასი უნდა შემესრულებინა, მაგრამ მე კარისკენ დარტყმა ვამჯობინე, რაც არ გამოვიდა. ფეხბურთი დინამიური თამაშია და გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად უნდა მიიღო.''
გარდა იმისა, რომ ზარანდიამ გოლის გარდა რამდენიმე დრიბლინგი განახორციელა, მაყურებელს თავი კიდევ ერთი ფაქტით დაამახსოვრა. პირველი ტაიმის მიწურულს ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კამათში ზარანდიაც მონაწილეობდა, რომელმაც ხელები მეტოქის ფეხბურთელს ყელის არეში მოუჭირა, ქართველი ფეხბურთელის მხრიდან ერთგვარი დახრჩობის ინსცენირება ყვითელი ბარათით დასრულდა, თუმცა პოლონური მედია მიიჩნევს, რომ ''არკას'' ლიდერი გაძევებას იმსახურებდა.
''ზარანდიას ქმედება წინასწარ განზრახული იყო. ის სამარცხვინოდ მოიქცა. ამგვარი ქმედება წითელი ბარათით უნდა ისჯებოდეს'' - ვკითხულობთ პოლონურ ვებგვერდ laczynaspasja-ზე.
Dla mnie czerwona. pic.twitter.com/svecavH2jH
— Konrad Mazur (@KonradMazur89) November 2, 2018
აღნიშნული ფაქტის გამო ლუკა ზარანდიამ ბოდიში მოიხადა.
''სულელურად ვიმოქმედე. უპირველესად გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდებს ცუდი მაგალითი მივეცი, რადგან მათთვის ფეხბურთელი იდეალია. ჩემი საქციელის გამო ბოდიშს ვიხდი.''

''პოგონთან'' მატჩში ლუკა ზარანდიამ 90 წუთი ითამაშა და 9,71 კმ. ირბინა. მან მაქსიმალური სისწრაფე 29,53 კმ/სთ-ში განავითარა. მან 15 სპრინტი შეასრულა.
ზარანდიამ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფოტო: arka.gdynia.pl