ყველაფერი რაც ლეგიონერებზე გამოგრჩათ
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-9 ტურში ''შავეში'' შინ ''ავეშთან'' 1:2 დამარცხდა. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ავთო ებრალიძის საგოლე პასის შემდეგ ანდრე ლუიშმა ანგარიში გაათანაბრა. ქართველი შემტევი აკრობატულ ნახტომში კარისკენ დარტყმას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ საგოლე პასი გამოუვიდა.
''შავეშის'' რიგებში ებრალიძე საკმაოდ აქტიური იყო. მას პირველ ტაიმში გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ''ავეშის'' მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა.
პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში 18 გუნდი ასპარეზობს. 9 ტურის შემდეგ ''შავეში'' 7 ქულით მე-17 ადგილზეა.
დანიის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის უგოლო სერია 6 მატჩამდე გაიზარდა. ''ორჰუსთან'' მოგებულ შეხვედრაში ''რანდერსის'' ქართველმა შემტევმა პირველი გოლისას მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და მისი ჩაწოდების შემდეგ ანგარიში გაიხსნა.
23 წლის ქართველ ცაციას გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი ვერ გამოიყენა.
ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში სუპერლიგის 15 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საბა ლობჟანიძის ''რანდერსი'' 14-გუნდიან სუპერლიგაში 18 ქულით მე-10 ადგილზეა. მესამე ადგილს ლაშა პარუნაშვილის ''ესბიერგი'' იკავებს, რომელმაც მე-15 ტურში მეორეადგილოსან ''მიდტიულანდთან'' ფრედ 2:2 ითამაშა. პარუნაშვილმა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ლა ლიგა 2-ის მე-12 ტურში ''სარაგოსა'' საკუთარ მოედანზე ''გრანადასთან'' 0:2 დამარცხდა. ''სარაგოსას'' ტრავმის გამო გიორგი პაპუნაშვილი ვერ ეხმარება, რომელმაც მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ ტრავმა მე-7 ტურში, 28 სექტემბერს ''ალბასეტესთან'' შეხვედრაში მიიღო. სავარაუდოდ, უახლოეს შეხვედრებში პაპუნაშვილს მოედანზე ვიხილავთ.
''ლა რომარედაზე'' ლევან ზუხბაია, მიხეილ ხუციშვილი და გიორგი პაპუნაშვილი

უზბეკეთის ჩემპიონატში ჩემპიონობისთვის ტაშკენტური კლუბები, ''ლოკომოტივი'' და ''ფახთაქორი'' იბრძვიან. 29-ე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ''ფახთაქორმა'' სტუმრად ''ბუხარა'' 6:2 დაამარცხა. არველაძის გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ ''ლოკომოტივს'' 6 ქულით ჩამორჩება.
ჩემპიონატის დარჩენილ სამ ტურში ''ფახთაქორი'' ორ მატჩს ''ლოკომოტივთან'' გამართავს. ასე რომ შოთა არველაძის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონობის შანსი აქვს.
შეგახსენებთ, არველაძეს ასისტენტობას გოჩა ტყებუჩავა უწევს, ხოლო გუნდის მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა.

''ფახთაქორის'' უშუალო კონკურენტმა ''ლოკომოტივმა,'' რომლის შემადგენლობაში კახა მახარაძე ირიცხება, ''ბუნიოდკორთან'' ფრედ 2:2 ითამაშა. ''ლოკო'' მარცხთან ახლოს იყო, თუმცა 81-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. საგოლე კომბინაცია კახა მახარაძის კარგი პასით განვითარდა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში გდინიას ''არკა'' შინ ''პოგონთან'' 2:3 დამარცხდა. მასპინძელთა მაისურით ლუკა ზარანდიამ 90 წუთი ითამაშა და 35-ე წუთზე მისი გოლით ''არკას'' სასარგებლოდ ანგარიში 2:1 გახდა. პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ზარანდიამ ყვითელი ბარათი მიიღო.
ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა ზარანდია ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში სიმბოლურში მესამედ მოხვდა.

შვედური ''ესკილსტუნას'' 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი მცველი ზურაბ ცისკარიძე დასახელდა. 31 წლის ფეხბურთელის გუნდი ელიტაში აღზევებასთან ახლოსაა. შვედეთის რანგით მეორე ლიგის ბოლოსწინა ტურში ცისკარიძემ ''ფრეისთან'' შეხვედრაში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ''ესკილსტუნამ'' ფლი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც გამარჯვება ელიტარულ ლიგაში დაბრუნების გარანტია.

კვიპროსული ''ანორთოსისის'' ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ მიმდინარე სეზონში სასტარტოში პირველად ''აპოლონთან'' ითამაშა. ქართველი ფორვარდის გუნდმა სტუმრად 2:1 გაიმარჯვა, კაჭარავა კი მე-80 წუთზე შეცვალეს. კაჭარავას თანაგუნდელი ბექა მიქელთაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია.
''ანორთოსისმა'' კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორე მატჩი მოიგო. 12 გუნდს შორის 9 ქულით მე-7 ადგილზეა. ირაკლი მაისურაძის ''პარალიმნი'' 7 ქულით მე-9 ადგილზეა. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა შინ 2:0 დაამარცხა ''ალკი ოროკლინი.'' მოგებულ მატჩში ირაკლი მაისურაძემ 90 წუთი ითამაშა.
კაჭარავა და მისი თანაგუნდელი, დუბლის ავტორი სლოვაკი მიხალ დურიში

ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის ''შტურმმა'' გამარჯვების მოპოვება ზედიზედ მე-6 მატჩში ვერ მოახერხა, რის შემდეგაც გრაცული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჰაიკო ფოგელმა პოსტი დატოვა. ინსბრუკის ''ვაკერთან'' ფრედ დასრულებულ მატჩში ოთარ კიტეიშვილმა 90 წუთი ითამაშა.
12-გუნდიან ლიგაში ''შტურმი'' 15 ქულით მე-8 ადგილზეა.

ნორვეგიის რანგით მეორე ლიგას ოთარ ჯავაშვილის ''ფლორო'' დაემშვიდობა, რომელიც 29-ე ტურში ''ნუტოდენთან'' 2:1 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა ტრადიციულად სასტარტოში ითამაშა და მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო.
16-გუნდიან ლიგაში ''ფლორო'' 27 ქულით მე-15 ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური რჩება.
ჯავაშვილი, რომელიც ბელარუსულ ''სლავიასა'' და ''გომელში'' თამაშობდა, გასულ ზაფხულში ''ფლოროში'' ჩაირიცხა და ჩემპიონატის 13 მატჩში 1 გოლი ლიდერ ''ვიკინგს'' გაუტანა.
