NBA: „გოლდენ სტეიტმა“ „კლივლენდი“ დაამარცხა
Aa
Aa

NBA: „გოლდენ სტეიტმა“ „კლივლენდი“ დაამარცხა

გუშინ, რეგულარულ სეზონში გიჟური დღე ვიხილეთ, რადგან ოთხ შეხვედრაში გამარჯვებული ოვერტაიმმა გაარკვია, თუმცა მთავარი შეხვედრა მაინც ის იყო, რომელშიც ერთმა გუნდმა 34 ქულის სხვაობით მოიგო.

მართლაც, ცენტრალური შეხვედრის არჩევა რთული არ ყოფილა, რადგან კლივლენდში ერთმანეთს შარშანდელი ფინალისტები - "კლივლენდი" და "გოლდენ სტეიტი" ხვდებოდნენ.

"უორიორზს" უნდა დაემტკცებინა, რომ ბოლო დღეების ჩავარდნა (სამ მატჩში ორი მარცხი) შემთხვევითობის ბრალი იყო. და "გოლდენ სტეიტმა" თავიდანვე სერიოზულად მიხედა საქმეს. პირველ რიგში, ეს ითქმის სტივენ კარიზე, რომელმაც პირველ მეოთხედში გუნდური 34 ქულიდან 14 თავის ანგარიშზე მიითვალა. სულ კი გასული სეზონის MVP-მ 35 ქულა დააგროვა (თამაშიდან - 12/18, სამქულიანები - 7/12).

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო კარისა და ლებრონ ჯეიმსის დუელი, რომელიც "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა მოიგო. ლებრონი ვერ ბრწყინავდა სეზონის ერთ-ერთ მთავარ მატჩში - 16 ქულა დააგროვა და კარიერაში სარგებლიანობის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი დააფიქსირა - "-34". ჯეიმსს მხარი ვერ აუბეს პარტნიორებმა და ისე გამოვიდა, რომ მან, კევინ ლავმა და კაირი ირვინგმა ერთად 27 ქულა დააგროვეს, რაც ყველაზე უარესი შედეგია ამ სამეულის ერთად გამოსვლის ისტორიაში.

რაც შეეხება კარის, მან მიმდინარე სეზონში მეცამეტედ დააგროვა მინიმუმ 35 ქულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია წლევანდელ რეგულარულში.

კარის გარდა, გუშინდელ დღეს სხვა გმირებიც ჰყავდა. მაგალითად, ეს იყო კემბა უოკერი, რომელმაც 52 ქულა (თამაშიდან - 16/34, სამქულიანები - 6/11, საჯარიმოები - 14/15) დააგროვა "იუტასთან" ოროვერტაიმიან მატჩში. "შარლოტის" ლიდერმა შედეგიანობის პირადი და საკლუბო რეკორდები გაიმეორა. უოკერმა 52 ქულას 9 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი დაუმატა, რითაც შეუერთდა რასელ უესტბრუკს, ლებრონ ჯეიმსს, კობი ბრაიანტსა და მაიკლ ჯორდანს - ბოლო 50 წლის განმავლობაში, ასეთი სტატისტიკა მხოლოდ ამ კალათბურთელებს ჰქონდათ.

შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა "კლიპერსის" მცველმა ჯეი ჯეი რედიკმა. მან 9 სამქულიანი ჩააგდო და კარიერაში პირველად დააგროვა 40 ქულა. თავად კალიფორნიულმა კლუბმა კი 22 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

"კლიპერსმა" ორი ოვერტაიმის შემდეგ "ჰიუსტონი" დაამარცხა. ამ მატჩში "როკეტსაც" ჰყავდა თავისი გმირი. 36 ქულა და 26 მოხსნა დააგროვა დუაიტ ჰოვარდმა, რითაც გაიმეორა კრის უებერის ისტორიული მიღწევა. ჰოვარდი გახდა პირველი მოთამაშე 2001 წლის შემდეგ, ვინც მინიმუმ 35 ქულითა და 25 მოხსნით დაასრულა შეხვედრა. 15 წლის წინ, უებერის ანგარიშზე 51 ქულა და 26 მოხსნა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები