Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ბოსტონი - ფილადელფია 105 - 87

გამთენიისას სტარტი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალმა სეზონმა აიღო. პირველი შეხვედრა ბოსტონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „სელტიკსმა“ „ფილადელფიას“ უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ გაანადგურა.

„სიქსერსმა“ წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ საწყის 12 წუთში შეძლო და პირველი მეოთხედი ფრედ 21-21 დასრულდა. „ბოსტონმა“ მეორე მეოთხედიდან მატჩის სადავეები ხელთ იგდო და საოცარი დაცვის ხარჯზე მეტოქე 105-87 დაამარცხა.

„სელტიკსის“ მხრიდან 23 ქულით საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო. მარკუს მორისმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 16 ქულა, 10 მოხსნა. ახლადდაბრუნებულმა გორდონ ჰეიუარდმა შეხვედრა 10 ქულით დაასრულა, ხოლო ტერი როზიერმა 11 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა თავი.

„ფილადელფიას“ რიგებში ორმაგი დუბლით ჯოელ ემბიდი გამოირჩა - 23 ქულა, 10 მოხსნა. ბენ სიმონსმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და სამმაგ დუბლამდე 2 პასი  დააკლდა - 19 ქულა, 15 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯეი ჯეი რედიკმა კი გუნდს 16 ქულა მოუტანა.

გოლდენ სტეიტი - ოკლაჰომა 108 - 100

„გოლდენ სტეიტმა“ ტიტულის დაცვა „ოკლაჰომასთან“ დაპირისპირებით დაიწყო. „უორიორსმა“ პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარა და შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით გავიდა. „თანდერი“ არ დანებებულა და თამაშში დაბრუნება მოახერხა. პოლ ჯორჯმა და კომპანიამ მესამე მეოთხედი 6 ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა გადამწყვეტ მეოთხედში მხოლოდ 21 ქულა ჩააგდეს, რაც „გოლდენ სტეიტის“ სტუმრად დასამარცხებლად საკმარისი ნამდვილად არაა.

ოკლენდელთა რიგებში სტეფ კარი გამოირჩა. „ოქროს ბიჭუნამ“ 32 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კევინ დურანტმა გუნდს 27 ქულა შესძინა. კლეი ტომპსონმა აქტივში 14 ქულა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა კევონ ლუნიმ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 10 ქულა, 10 მოხსნა.

„ოკლაჰომას“ 27 ქულით პოლ ჯორჯმა ულიდერა. დენის შროდერმა 21 ქულის მოგროვება მოახერხა, ხოლო სტივენ ადამსი გუნდს ორმაგი დუბლით შეეწია - 17 ქულა, 11 მოხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები