კვეკვესკირის 5 ყველაზე შთამბეჭდავი საგოლე გადაცემა
Aa
Aa

კვეკვესკირის 5 ყველაზე შთამბეჭდავი საგოლე გადაცემა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორა 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო ნიკა კვეკვესკირი იყო, რომელმაც მეორე გოლისას შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა. ყაზახური ''ტობოლის'' 26 წლის ფეხბურთელის კარიერიდან ხუთ საუკეთესო საგოლე პასს გთავაზობთ.

 

2011 წლის ზამთარში კვეკვესკირი ზუგდიდის ''ბაიადან'' თბილისის ''დინამოში'' გადავიდა. სეზონის დასრულების შემდეგ თბილისური გუნდის მთავარ მწვრთნელად ესპანელი ალექს გარსია დაინიშნა. გარსიას დებიუტი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვურ ''მილსამთან'' შედგა. ''დინამომ'' საკუთარ კედლებში 2:0 მოიგო. მე-4 წუთზე 19 წლის კვეკვესკირმა ანგარიში გახსნა, 71-ე წუთზე კი ლექვთაძის მისამართით შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს იყო ფეხბურთელის პირველი მატჩი ევროტურნირებზე.

 

2010 წელს თემურ ქეცბაიამ 18 წლის ნიკა კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, თუმცა ფეხბურთელის დებიუტი ეროვნულ გუნდში ხუთი წლის შემდეგ კახა ცხადაძის მთავარი მწვრთნელობისას შედგა.  ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მე-9 ტურში საქართველომ ''დინამო არენაზე'' 4:0 დაამარცხა გიბრალტარის გუნდი. 30-ე წუთზე კვეკვესკირმა გარე ტერფით შესრულებული ბრწყინვალე გადაცემით მათე ვაწაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა.ვაწაძემ, რომელიც ამჟამად თბილისის ''დინამოს'' ღირსებას იცავს, შანსი გამოიყენა.

 

 

2016 წლის ზაფხულში კვეკვესკირი ბაქოს ''ინტერიდან'' ''გაბალაში'' გადავიდა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტი რომან გრიგორჩუკი ხელმძღვანელობდა. ქართველმა ნახევარმცველმა ''გაბალასთან'' ერთად ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეძლო. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გრიგორჩუკის გუნდმა ფრანგული ''ლილი'' დაამარცხა. საფრანგეთში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, კვეკვესკირმა კი გარე ტერფით საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელიც უკრაინელი ვერნიდუბის გოლით დასრულდა.

 

''გაბალა'' ანგარიშს ხსნის - კვეკვესკირის პასის შემდეგ ვერნიდუბი დასწრებაზე თამაშობს

 კვეკვესკირი ფრანგულ კლუბთან შეხვედრაში

 

 2017 წლის 19 თებერვალს აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-19 ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბების, ''გაბალასა'' და ''ყარაბაღის'' დაპირისპირება შედგა. მატჩი ''გაბალას'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა.  68-ე წუთზე კვეკვესკირის ბრწყინვალე პასის შემდეგ ხორვატმა ოზობიჩმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

კვეკვესკირი ''ყარაბაღის'' წინააღმდეგ

ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველომ ''დინამო არენაზე'' ანდორა 3:0 დაამარცხა. 84-ე წუთზე კვეკვესკირის ბრწყინვალე პასის შემდეგ ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. ამ გამარჯვებით ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ადგილზე გასვლის შანსი ძალიან გაიზარდეს. ვაისის გუნდი 9 ქულით პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტებს 7 ქულით უსწრებს. ანდორასთან შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ეპიზოდი კვეკვესკირის საგოლე პასი იყო.

  

ფოტო:  gff.ge, fcdinamo.ge,  gabalafc.az

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები