თითქმის ყველა ხმა მესისა და სალაჰს - რატომ წაშალა "ფრანს ფუტბოლმა" ვებ გვერდიდან გამოკითხვა?
რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა და გავლენიანმა ჟურნალმა France Football-მა ოქროს ბურთის 30 ნომინანტი დაასახელა.
საუკეთესოს ვინაობა 3 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე გამოცემა სამ ფინალისტს დაასახელებს.
როგორც მოგეხსენებათ, FIFA-ს ჯილდოსგან განსხვავებით ოქროს ბურთის მფლობელს ჟურნალისტები ასახელებენ.
ფრანგულმა გამოცემამ აზრი ქომაგებსაც ჰკითხა და საკუთარ ვებ გვერდზე გამოკითხვა მოაწყო, თუ ვის მიიჩნევენ ქომაგები წლის ყველაზე ძლიერ მოთამაშედ.

რა თქმა უნდა, გულშემატკივრების ხმები საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ეს ყოველთვის საინტერესოა, რადგან ფეხბურთი ქომაგების გარეშე არაფერია.
საბოლოოდ, გამოკითხვა დაიწყო და პირველ 2-3 დღეში მონაწილეობა 700 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ბევრისთვის მოულოდნელად, თუ მოსალოდნელად ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ლეო მესისა და მუჰამედ სალაჰს ერგო.

საერთო ჯამში ხმების 100%-დან 79% სწორედ არგენტინელსა და ეგვიპტელს ხვდათ წილად.
გამოკითხულთა 48%-ის აზრით საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია, ხოლო 31% თვლის, რომ საუკეთესო სალაჰია.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუს ქომაგების მხოლოდ 8% უჭერდა მხარს.
FIFA-სა და UEFA-ს ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშე ლუკა მოდრიჩს ხმების მხოლოდ 2% ხვდა წილად, ისევე როგორც კილიან მბაპესა და ნეიმარს.

France Football-მა დღეს დილით მოულოდნელად გამოკითხვა ვებ გვერდიდან წაშალა. ასეთი რამ კი აქამდე არ მომხდარა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ამის მიზეზი. ევროპული გამოცემების ნომერ პირველი ვერსია შედეგებია.
პრესა მიიჩნევს, რომ გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების (ან ზოგადად პროფესიონალების) აზრი ერთმანეთს რადიკალურად არ ემთხვევა.
გამოკითხვის შედეგები მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ წაიშალა. ეს, ჯერჯერობით ყველაზე მყარი ვერსიაა.
როგორც მოგეხსენებათ, წინასწარი ვარაუდით ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად ლუკა მოდრიჩი და კრიშტიანუ რონალდუ სახელდებოდნენ, თუმცა გულშემატკივრები ასე არ მიიჩნევენ.

რთული სათქმელია თუ რა კრიტერიუმებით ასახელებენ საუკეთესო მოთამაშეს. სეზონის შედეგების მიხედვით? გოლები? მოგებული ტიტულები? თუ, უბრალოდ ინდივიდუალიზმი? არც FIFA და არც France Football-ი მთავარ კრიტერიუმებს გამოკვეთილად არ ასახელებს.
ფაქტია, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში კრიტერიუმები შეიცვალა და ამის მიხვედრა მარტივია - უბრალოდ გამარჯვებულთა სიის გადახედვა და მათი კონკრეტული სეზონის გახსენებაც კი საკმარისია.
ყველაფერი 3 დეკემბერს გახდება ცნობილი. დავა კი ყოველთვის იქნება - ვინ უფრო უკეთ იცის ფეხბურთი? ჟურნალისტებმა, მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა თუ ქომაგებმა?..

ოფიციალურად ფეხბურთის მეფედ პელეა დასახელებული, თუმცა გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილი (შესაძლოა უმრავლესობაც) ისტორიაში საუკეთესოდ მარადონას მიიჩნევს.
ამიტომ არის ფეხბურთი მსოფლიოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა! ფეხბურთი უყვართ, მისთვის ნერვიულობენ, იბრძვიან, კამათობენ, ყველა თვლის, რომ კარგად იცის და ყველას საკუთარი შეხედულება-პოზიცია აქვს.