ხარაიშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარება - ცეცაძის გუნდი ფინეთშია
გია ცეცაძის გაწვრთნილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთშია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ქართველი ფეხბურთელები ქალაქ სეინაიოკში დაბინავდნენ.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს ტრავმის გამო ''გიოტებორგის'' შემტევი გიორგი ხარაიშვილი და ''ჟირონას'' სარეზერვო გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ვერ დაეხმარებიან. მათ თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელი დავით სამურკასოვი და ბათუმის ''დინამოს'' მოთამაშე ვლადიმერ მამუჩაშვილი შეცვლიან.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო 12 ოქტომბერს სეინაიოკში ფინეთს შეხვდება. შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში საქართველო პოლონეთს გდინიაში დაუპირისპირდება. მატჩი 16 ოქტომბერს გაიმართება.
ჯგუფს დანიის ნაკრები 19 ქულით ლიდერობს, სკანდინავიელებს პოლონეთი 1 ქულით ჩამორჩება. მესამეადგილოსან ფინეთის ანგარიშზე 9 ქულაა. საქართველოს ნაკრებმაც 9 ქულა მოაგროვა, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო ცეცაძის გუნდი მეოთხე ადგილს იკავებს და ფარერის კუნძულებს 3 ქულით უსწრებს. ჯგუფის აუტსაიდერი 4 ქულით ლიტვის ნაკრებია.
ცეცაძის გუნდი ფინეთში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:
მეკარეები
ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი)
მცველები
გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)
ნახევარმცველები
აკაკი შულაია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბ)
თავდამსხმელები
ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)
შვედეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი ხარაიშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ''გიოტებორგისა'' და ''ტრელებორგის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის საბოლოო ანგარიში მე-10 დამატებულ წუთზე გიორგი ხარაიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოსთან დანიშნული სტანდარტი შესანიშნავად შეასრულა.
Sofascore-ის ვერსიით გიორგი ხარაიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
