მძიმე მარცხის შემდეგ ჩაკვეტაძის მწვრთნელმა პოსტი დატოვა
Aa
Aa

მძიმე მარცხის შემდეგ ჩაკვეტაძის მწვრთნელმა პოსტი დატოვა

საფეხბურთო კლუბ ''გენტი'' მთავარ მწვრთნელ ივ ვანდერჰაგეს დაემშვიდობა. ინფორმაცია ბელგიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ვანდერჰაგესთვის უკანასკნელი შეხვედრა ძალიან წარუმატებელი გამოვიდა. გასულ ტურში ''გენტი'' შინ 1:5 განადგურდა ''გენკთან.''

''გენკის'' წინააღმდეგ ''გენტის'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა.

ივ ვანდერჰაგე ''გენტის'' მთავარ მწვრთნელად 2017 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. მისი მთავარი მწვრთნელობისას გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიურ კლუბში ადგილი დაიმკვირდა.

19 წლის ჩაკვეტაძის დებიუტი ბელგიურ კლუბში 2017 წლის 1 ოქტომბერს ''ბრიუგესთან'' შედგა, როცა ''გენტის'' მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი პეტერ ბალეტე იყო. ვანდერჰაგეს გუნდში მოსვლის შემდეგ ბალეტე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ''გენტის'' მაისურით 10 მატჩი ჩაატარა. ყველა მატჩში სასტარტოში მოხვდა და მხოლოდ ორჯერ შეცვალეს. 10 თამაშიდან ''გენტმა'' 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 შეხვედრაში დამარცხდა. 16-გუნდიან ჩემპიონატში ''გენტი'' 14 ქულით მე-7 ადგილზეა.

''გენტის'' პრეზიდენტ ივანე დე ვიტეს განცხადებით კლუბი მოლაპარაკებას ''მიდტიულანდის'' მთავარ მწვრთნელ იეს ტორუპთან აწარმოებს. ინფორმაციას nieuwsblad-ი ავრცელებს.

ტორუპის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში ''მიდტიულანდმა'' დანიის ჩემპიონატი მოიგო.

48 წლის სკანდინავიელი ''ესბირგსა'' და დანიის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა. 2015 წლიდან ''მიდტიულანდს'' სათავეში უდგას.

''გენტის'' საკუთრებაში სამი ქართველი ფეხბურთელია. გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობის წევრად ითვლება, გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია, ხოლო გიორგი ბერიძე განათხოვრებით უნგრულ ''უიპეშტში'' ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები