ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ

გუშინ სტარტი ჩემპიონთა ლიგის ახალმა სეზონმა აიღო. ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა, სადაც „ლივერპულმა“ „პსჟ“-ს უმასპინძლა და რობერტო ფირმინოს 92-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია. „ინტერმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დაბრუნება საოცარი ქამბექით აღნიშნა და „ჯუზეპე მეაცაზე“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა.

რობერტო ფირმინოს აღნიშვნა

რობერტო ფირმინოს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა აქვს და ეს საქვეყნოდ ცნობილი ამბავია. გამონაკლისი არც გუშინდელი მატჩი ყოფილა. ბრაზილიელმა გამარჯვების მომტანი გოლი განსაკუთრებულად აღნიშნა. ფირმინომ მარცხენა თვალზე ხელი აიფარა და ამ ჟესტით ყურადღება მიღებულ ტრავმაზე გაამახვილა. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ცენტრფორვარდმა თვალის მცირე დაზიანების გამო შეხვედრის გამოტოვებასთან ძალიან ახლოს იყო. ფირმინოს აღნიშვნა შემდეგ სადიო მანემ და იურგენ კლოპმა გაიმეორეს.

სალაჰი და სიცხე

გუშინ მოჰამედ სალაჰს გოლი არ გაუტანია, მაგრამ გულშემატკივრების ყურადღების მიპყრობა მაინც მოახერხა. პირველ ნახევარში ეგვიპტელი კუთხურს აწვდიდა, როდესაც სიცხისგან შეწუხებულმა „ლივერის“ მაისური გაიხადა, შიგნით მორგებული ზედა გაიძრო და მინდორზე მიაგდო.

ფრანგი გულშემატკივრების საოცარი ქომაგობა

„ენფილდზე“ არსებული ატმოსფეროს შესახებ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მშვენივრად მოეხსენება, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში საყვარელ გუნდს ფრანგებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს. პეტარდებით „შეიარაღებული“ „პსჟ“-ს ქომაგები მატჩამდე ქალაქში გადაადგილდებოდნენ და „ენფილდზეც“ საკმაოდ აქტიურები იყვნენ.

„ლივერპულის“ ქომაგის ხელოვნური კაშნე

„ენფილდზე“ „You'll Never Walk Alone“-ის გაჟღერებისას გულშემატკივრები ფეხზე დგებიან და საყვარელი გუნდის კაშნეებს ამაყად აღმართავენ. გუშინ „მერსისაიდელთა“ ერთ-ერთ ქომაგს, როგორც ჩანს აუცილებელი ატრიბუტი სახლში დარჩა და ხელოვნური კაშნეს გაკეთება მოუწია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს თუ რა საოცარი და ერთგული ქომაგები ჰყავს „ლივერპულს“.

დელე ალი სახლშია

მაურიციო პოჩეტინოს გუნდი კვლავ დელე ალის გარეშე ასპარეზობს. ინგლისელმა ფლეიმეიქერმა მატჩს სახლიდან უყურა და საკუთარ გუნდს გულშემატკივრობდა.

„ჯუზეპე მეაცა“ და მაკრატელი

"ჯუზეპე მეაცა"-ზე იდეალური სათამაშო პირობების შესაქმნელად ყველაფერს აკეთებენ. გამონაკლისი არც გუშინდელი შეხვედრა ყოფილა. სტადიონის პერსონალმა ერთ-ერთ ადგილას წამოზრდილი ბალახი მაკრატლის გამოყენებით უმალვე საჭირო ზომას დაუბრუნა. 

იკერ კასილასმა ისტორია დაწერა

ლეგენდარული ესპანელი გოლკიპერი, იკერ კასილასი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. იგი პირველი გოლკიპერი გახდა, რომელმაც ხსენებულ ტურნირზე მონაწილეობა 20 სხვადასხვა სეზონში მიიღო. 

ლიონელ მესი რეკორდების მოხსნას განაგრძობს

ლიონელ მესის წასვლის შემდეგ ფეხბურთს ძალიან ბევრი რამ დააკლდება. არგენტინელმა საკუთარი სტატუსი კიდევ ერთხელ დაამტკიცა და გუშინ ერთბაშად სამი რეკორდი მოხსნა.

 „ლა პულგას“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ყველაზე მეტი, 16 გოლი, დაუგროვდა. ამასთან ერთად მესიმ ჯგუფურ ეტაპზე 61 ბურთი შეაგდო და ამ მაჩვენებლითაც საუკეთესოა. ყველაფერთან ერთად ლეომ „პსვ“-სთან სამი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შესრულებული ჰეთ-თრიქების რაოდენობით ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები