შსს საფეხბურთო მატჩზე: ნებისმიერი გადაცდომა მკაცრად დაისჯება
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ''დინამო არენაზე'' ლატვიას უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
''როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა. ამასთან, სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და იცავს მათ უსაფრთხოებას სქესის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება.''
გურამ კაშიას მიმართ ჰომოფობიურ ნიადაგზე მუქარა გრძელდება. ულტრამემარჯვენე ძალები 9 სექტემბერ ნაკრების თამაშზე ფეხბურთელის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გეგმავენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელმა გურამ კაშიამ საკუთარი ფეისბუქ გვერდი გააუქმა. მისი ეს გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ კაშიას UEFA-მ Equal Game-ის (თანასწორი თამაშის) ჯილდო გადასცა.
გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან.
მთავარი ფოტო: gff.ge