არც რონალდუ არც სალაჰი - ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დასახელდა!
დღეს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა.
UEFA-მ გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეებიც დაასახელა. ბევრისდა გასაკვირად ევროპის საუკეთესო მოთამაშე ხორვატი ლუკა მოდრიჩი გახდა.
მადრიდის "რეალის" ათიანმა კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰს აჯობა.
დანარჩენი ჯილდოები ასევე "რეალის" მოთამაშეებმა გადაინაწილეს: საუკეთესო მეკარე - კეილორ ნავასი, საუკეთესო მცველი - სერხიო რამოსი, საუკეთესო ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ.
ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის შეტანილი წვლილისთვის UEFA-ს პრეზიდენტის მიერ დაწესებული ჯილდოს მფლობელი ლეგენდარული დევიდ ბექჰემი გახდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გურამ კაშიას Equal Game-ის (თანასწორი თამაშის) ჯილდო გადაეცა, რომელიც მის ნაცვლად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიიღო.