Aa
Aa

გურამ კაშიამ უეფას ჯილდო მიიღო

უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა.

აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამს 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა. 

გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია.

კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან.

ზოგი ნაკრებიდან მის წასვლასაც კი ითხოვდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კაშიამ განაცხადა, რომ ის არ ნანობს სამკლაურის გაკეთებას, და მხარს უჭერს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. კაშიას მიერ თანასწორობის იდეის საჯაროდ მხარდაჭერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში. 

„მოხარული ვარ, რომ უეფასგან #EqualGame-ის ჯილდო მივიღე, და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრ ჩეფერინს. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპებს.“ - განაცხადა უეფას ოფიციალურ საიტთან საუბრისას გურამ კაშიამ.

„#EqualGame-ის ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ჰქმნიან საკუთარ საზოგადოებასა და სპორტში, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოვებას.“ - განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები