SOS!!! ლოპეტეგი ტრანსფერებს ითხოვს -
Aa
Aa

SOS!!! ლოპეტეგი ტრანსფერებს ითხოვს - "რეალის" პრობლემები, გეგმა და საფრთხე

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ განგაშის ზარებს შემოჰკრა.

ესპანელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელებს დაუყოვნებლივ გააქტიურებასა და რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას სთხოვს.

შემადგენლობა, პრობლემები და 3 ტრანსფერი

„იმ შემთხევაში, თუ არავინ მოვა და არც არავინ დაგვტოვებს, ამ შემადგენლობით მე ბედნიერი ვიქნები“. ეს სიტყვები ხულენ ლოპეტეგიმ ამერიკაში წინასასეზონო ტურნირზე გამგზავრებამდე თქვა.

ესპანური AS-ის ინფორმაციით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ამჟამად ლოპეტეგის ცენტრალური მცველის, ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველისა და ცენტრფორვარდის შეძენა სურს.

51 წლის სპეციალისტი ამ დრომდე დუმდა, თუმცა „ატლეტიკოსთან“ სუპერ თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, ყველა პრობლემა თვალშისაცემი გახდა და მწვრთნელმაც მოქმედება გადაწყვიტა.

ზინედინ ზიდანს თავის გუნდში სათადარიგო სკამზე ხამესი, მორატა, ასენსიო, ისკო და პეპე ჰყავდა. დღეს კი ლოპეტეგის გაცილებით სუსტი სკამი ჰყავს.

გასულ სეზონში ზიზუს განკარგულებაში ხამესი და მორატა აღარ იყვნენ, თუმცა „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც არ გასჭირვებია.

ლოპეტეგის სიტუაცია სულ სხვაა. გუნდი რონალდუმ დატოვა, რომელსაც სეზონში 50-60 გოლი გაჰქონდა. ვინ შეცვლის მას? ამჟამინდელი შემადგენლობიდან ვერავინ.

ლოპეტეგი არ ითხოვს ნეიმარს, რომელიც თავად ფლორენტინო პერესს სურს. მწვრთნელი ითხოვს საჭირო მოთამაშეებს, რომლებიც მას შემადგენლობის დაბალანსებაში დაეხმარებიან.

ლოპეტეგი ვინიციუსს უფრთხილდება

ლოპეტეგი 18 წლის ვინიციუსს უფრთხილდება და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

მწვრთნელს სურს, რომ ბრაზილიელმა ტალანტმა ესპანური ენა რაც შეიძლება სწრაფად შეისწავლოს, რათა ყველანაირი ბარიერი გადალახოს.

მას სურს, რომ ვინიციუსმა ადაპტაცია წყნარად და სრულად გაიაროს. მწვრთნელი დასაწყისისთვის მნიშვნელოვან შეხვედრებში ბრაზილიელის გამოყენებას არ გეგმავს.

ასე იყო „ატლეტიკოსთან“ სუპერ თასის შეხვედრაშიც. 18 წლის ფორვარდი თადარიგში დარჩა.

ყველას კარგად ახსოვს რობინიოს მაგალითი, როდესაც სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსულ ბრაზილიელს პირველივე დღიდანვე მთელი ტვირთი დააწვა და საბოლოოდ მან თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინა.

ადაპტაცია უმნიშვნელოვანესი რამ არის და ლოპეტეგი სიფრთხილეს იჩენს. ვინიციუსს ამ ეტაპზე ბევრს არაფერს მოსთხოვენ და ეს სწორი მიდგომაა.

რისთვის იყიდა „რეალმა“ კურტუა? ბელგიელის როლი

„რეალისთვის“ ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ტიბო კურტუას შეძენა იყო.

ბელგიელი გოლკიპერისთვის ესპანეთი უცხო არ არის. ის წლების განმავლობაში „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.

ამ ნაბიჯის გამო „როხიბლანკოს“ ქომაგებმა კურტუას მთელი რისხვა დაატეხეს და დაემუქრნენ კიდეც.

ამის შემდეგ, ყველას აინტერესებდა კურტუას სტუმრობა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ და მასპინძელთა ჯოჯოხეთური დახვერდა, თუმცა როგორც გაირკვა ამის მოლოდინი სულ ტყუილად გვქონია.

ლოპეტეგიმ გადაწყვიტა, რომ კურტუა „რეალის“ კარს მხოლოდ სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში დაიცავს. ლა ლიგაში მადრიდელთა კარის დარაჯი კეილორ ნავასი იქნება.

რამდენად დააკმაყოფილებს ასეთი პირობები ორივე გოლკიპერს ამას დრო გვიჩვენებს.

ყველას კარგად ახსოვს ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება, რომელიც ტერ-შტეგენს ჩემპიონთა ლიგაზე ათამაშებდა, ხოლო კლაუდიო ბრავოს ლა ლიგაში.

საბოლოოდ ბრავომ გუნდი დატოვა და დღეს გერმანელი მეკარე „ბარასთვის“ შეუცვლელი ფიგურაა.

რას უნდა ველოდოთ ლოპეტეგის „რეალისგან“

თუ პერესმა ლოპეტეგის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და მისთვის საჭირო მოთამაშეები არ შეიძინა, „რეალს“ წლევანდელი სეზონის ჩაგდება ემუქრება.

მწვრთნელი პრობლემას ნათლად ხედავს და უკვე ქმედით ნაბიჯებსაც დგამს.

ამ ფორმაციის „რეალმა“ ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა. გუნდი დატოვა რონალდუმ, რომელსაც მოტივაცია აღარ ჰქონდა.

თუ, რონალდუს მოტივაციის პრობლემა ჰქონდა და მან გუნდი დატოვა, რატომ უნდა გამოვრიცხოთ იგივე სხვების შემთხვევაში?

მოტივაცია - აი სწორედ რა სჭირდება „რეალს“. ლოპეტეგი ახალ სახეებს სწორედ ამიტომ ითხოვს და ეს ლოგიკურიც არის.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები სამეფო გუნდის ბანაკში. „ბლანკოსმა“ პირველი ბრძოლა უკვე დათმო და ეს „ატლეტიკოსთან“ სუპერ თასზე მოხდა.

„რეალს“ წინ ძალიან მოტივირებული „ბარსელონა“ ელოდება და მადრიდელებს გაძლიერება აშკარად სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები