ქომაგთა პროტესტის გამო ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა
Aa
Aa

ქომაგთა პროტესტის გამო ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა

ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა ფოთის ''კოლხეთმა'' ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. 

''კოლხეთის'' ოფიციალურმა facebook-ის გვერდმა მთავარ მწვრთნელად ძოძუაშვილის დანიშვნა გუშინ, 26 ივლისს დაადასტურა, თუმცა დღეს, 27 ივლისს გამოცდილმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა. 73 წლის სპეციალისტის ოფიციალურად დანიშვნიდან მეორე დღეს ''კოლხეთის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია.

''კოლხეთის'' პრესსამსახურის წარმომადგენელმა გია ეჯიბიამ facebook-ის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა: ''ცნობილი გახდა რომ ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის გუნდში მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილის მოწვევამ რიგი მიზეზების გამო გულშემატკივართა დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგადაც ქომაგთა და გუნდის ხელმძღვანელების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მან თანამდებობა დატოვა. ''კოლხეთი'' ამხანაგურ მატჩს ''გაგრასთან'' ჩაატარებს. გუნდს ნუგზარ თვარაძე უხელმძღვანელებს.''

ნუგზარ თვარაძე ფოთის ''კოლხეთის'' მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად რჩება.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშებაში ფოთის ''კოლხეთი'' 8 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები