Aa
Aa

"ბარსელონა" მორიგი ტრანსფერის მოლოდინში - ვალვერდეს ნახევარმცველის შეძენა სურს

2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონამ“ უკვე 3 ტრანსფერი განახორციელა.

კატალონიელებმა „გრემიოდან“ 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი არტურ მელო შეიძინეს. შემდეგ იყო „სევილიას“ ფრანგი ცენტრალური მცველი 23 წლის კლემენ ლენგლე და ბოლოს - ზაფხულის და ალბათ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მოულოდნელი და სწრაფი ტრანსფერი - „ბორდოს“ 21 წლის ბრაზილიელი გარემარბი მალკომი „ბარსამ“ „რომას“ ბოლო წამს ცხვირწინ ააცალა.

ესპანური პრესის მტკიცებით „ბლაუგრანა“ ფანჯრის დახურვამდე მინიმუმ 1 ტრანსფერს განახორციელებს და დიდი ალბათობით ეს ნახევარმცველი იქნება.

პრესა 3 კანდიდატს განიხილავს: მირალემ პიანიჩი, ფრენკი დე იონგი და დანიელ პარეხო.

როგორც ჩანს, ადრიენ რაბიოსა და ტიაგო ალკანტარას ვარიანტები გამოირიცხა. „პსჟ“-მ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ისინი თავიანთ მოთამაშეს „ბარსელონას“ არ დაუთმობენ.

რაც შეეხება ტიაგოს, მან თავისი ყოფილი გუნდის რიგებში დაბრუნების სურვილი გამოხატა, თუმცა მის მიმართ „ბარსას“ ინტერესი არ გამოუჩენია.

მივყვეთ რეალურ კანდიდატებს. დავიწყოთ ფრენკი დე იონგით, რომელიც ამსტერდამის „აიაქსის“ ღირსებას იცავს.

21 წლის დე იონგმა „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ პირველი კომენტარიც გააკეთა, რომელიც საკმაოდ მრავლისმეტყველი იყო.

„როგორც წესი ამ კითხვას ვპასუხობ, რომ მე „აიაქსის“ ფეხბურთელი ვარ. ამიტომ, „ბასელონას“ ინტერესის შესახებ კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. რა თქმა უნდა, მათ მიერ ჩემდამი გამოჩენილ ინტერესს პატივს ვცემ.

რა თქმა უნდა, ყველამ იცის რომ ისინი ჩემს მიმართ ინტერესს იჩენენ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, მე ამ ეტაპზე „აიაქსის“ ფეხბურთელი ვარ“.

დე იონგის სანაცვლოდ „აიაქსი“ 50 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ამსტერდამელებს ფეხბურთელის ერთი სეზონით თავიანთ რიგებში დატოვება და შემდეგ ტრანსფერზე დაყენება ურჩევნიათ.

მირალემ პიანიჩს „ბარსას“ ინტერესთა სფეროში უკვე დიდი ხანია ვხედავთ. 28 წლის ბოსნიელი ცენტრალური ნახევარმცველი „იუვენტუსის“ დატოვების სურვილს აფიქსირებს და მისი აგენტი მოლაპარაკებების გასამართად უკვე მზად არის.

პრობლემა მხოლოდ მის ფასშია - ტურინელები მას 80 მილიონ ევროდ აფასებენ.

„ბარსელონას“ 28 წლის ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა არ სურს და იტალიელებისგან ფასის დაწევას ითხოვს.

პიანიჩისთვის ბრძოლაში კატალონიელებს „მანჩესტერ სიტის“ სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.

დანიელ პარეხო „ბარსელონას“ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმეჯერ დაუკავშირეს.

29 წლის ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველი „ვალენსიას“ კაპიტანი და უცვლელი წევრი გახლავთ.

მისი შეძენა უშუალოდ ერნესტო ვალვერდეს სურს. პარეხოს „ღამურები“ 50 მილიონად აფასებენ და ეს გარემოება „ბარსას“ პრობლემას უქმნის.

ფეხბურთელის ასაკიდან გამომდინარე კატალონიელები თანხას გადამეტებულად თვლიან და მის დაწევას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ პარეხო მადრიდის „რეალის“ სკოლის აღზრდილია და ის 2006-2008 წლებში მადრიდელთა სარეზერვო გუნდში გამოდიოდა. 2008-2009 წლებში კი სამეფო კლუბის ძირითად გუნდშიც ითამაშა. მის ანგარიშზე მხოლოდ 5 შეხვედრაა.

პარეხო 2011 წლიდან დღემდე „ვალენსიას“ ღირსებას იცავს. მისი სათამაშო სტილი „ბარსას“ სქემაში იდელაურად ჯდება.

მოკლე გადაცემების შესრულება და ბურთის კონტროლი ესპანელი ფეხბურთელის მთავარი იარაღია.

„ბარსელონა“ ხსენებული სამი ნახევარმცველიდან რომელიმე მათგანს შეიძენს და თუ ესპანურ მედიას ვენდობით, ეს საკმაოდ მალე მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები