Aa
Aa

"კიევოსა" და "პარმას" სერია B-ში დაქვეითება ემუქრებათ! - რა კლუბები, რა ისტორიებით...

იტალიის სერია A-ს მომდევნო სეზონის ორი მონაწილე - ვერონას "კიევო" და ემილია-რომანიული "პარმა", შესაძლოა, დაისაჯონ და სერია B-ში დაქვეითება მოუწიოთ.

გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთის ფედერაციასთან (FIGC) არსებული ყალბი გადარიცხვების გამო, "კიევოს" წინააღმდეგ ძიება დაიწყო და სამშაბათს, ვერონელთა პრეზიდენტი, ლუკა ჩამპედელი სასამართლოს წინაშე უნდა გამოცხადდეს.

უფრო კონკრეტულად, ჩამპედელის ბრალდება, რომ იგი სატრანსფერო თანხას ხელოვნურად ზრდიდა, რითაც "ფულის გათეთრება" ხდებოდა და ასეთი მაქინაციები რამდენიმე წელი გრძელდებოდა.

რაც შეეხება "პარმას", აქ უკვე ჩაწყობილი თამაშების ამბავია, რომელშიც გუნდის ორი ფეხბურთელი - ემანუელე კალაიო და ფაბიო ჩერავოლო ფიგურირებენ.

Gazzetta di Parma წერს, რომ 18 მაისს, კალაიომ და ჩერავოლომ, "სპეცია"-"პარმას" მატჩის წინ, რომელიც სერია B-ს ბოლო ტურის ეგიდით იმართებოდა, "სპეციას" ფეხბურთელებს - ფილიპო დე კოლისა და ალბერტო მასის შეტყობინებები გაუგზავნეს - მესიჯები მატჩის შესაძლო შედეგს შეეხებოდა. 

"სპეციას" მოთამაშეებმა შეტყობინებები კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ლუიჯი მიჩელს აჩვენეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქმის შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის მოეხსენებინა, რათა სამომავლოდ, მისი გუნდი არ დაზარალებულიყო.

შედეგად, კალაიოსა და ჩერავოლოს საქმით გამოძიება დაინტერესდა და ფეხბურთელებს უახლოეს 10 დღეში, სასამართლოს წინაშე წარსდგომა მოუწევთ.

ხსენებული მატჩი "პარმამ" 2:0 მოიგო, რითაც სერია B-ს მე-2 ადგილი გაინაღდა და იტალიის უმაღლეს დივიზიონში აღზევდა. აღსანიშნავია, რომ 0:1-ზე, "პარმას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა, ალბერტო ჯილარდინომ პენალტი ვერ გაიტანა.

 

ასე რომ, თუკი "კიევოსა" და "პარმას" ბრალდებები დაუმტკიცდათ, ისინი სერია B-ში აღმოჩნდებიან. არადა, კარგად გვახსოვს, "პარმა" 90-იან წლებში როგორი გუნდი იყო, "კიევოს" კი თავისი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.

"კროჩიატიმ" 90-იანებში, 2-ჯერ უეფას თასი, ევროპის სუპერ თასი, თასების მფლობელთა თასი, 3-ჯერ იტალიის თასი და ქვეყნის სუპერ თასი მოიგო. ქვემოთ მოყვანილ ფოტოში, წესით, არაერთი ძალიან ცნობილი სახე უნდა ამოიცნოთ...

გუნდი 2015 წელს გაკოტრდა და იმავე ზაფხულიდან გამოსვლა იტალიის უდაბლეს ლიგაში, სერია D-ში დაიწყო, ზედიზედ 4 სეზონში სხვადასხვა ლიგაში დაწინაურება მოახერხა, ახლა კი უკვე უმაღლესი ლიგის ჯერ დადგა...

ვერონას "კიევო" პროფესიონალური გუნდი 1986 წელს გახდა და "პარმას" მსგავსად, ასპარეზობა იტალიის უდაბლესი ლიგიდან დაიწყო. მისი მეტსახელი - "მფრინავი ვირებიც" კლუბის ისტორიის განვითარების ამსახველია. "კიევოს", ეს ირონიული მეტსახელი, მისი მოძულე გუნდის, "ვერონას" ფანებმა შეარქვეს. 1986 წელს, როცა "კიევო" პროფესიონალური კლუბი გახდა, "ვერონა" სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი იყო და მისმა ფანებმა ირონიულად გამოაცხადეს, რომ სანამ "კიევო" მათ დონემდე მიაღწევდა, ანუ სერია A-ში აღზევდებოდა, ვირები ფრენას დაიწყებდნენ...

ვირებმა ფრენა 2001 წელს დაიწყეს, როცა "კიევო" უმაღლეს ლიგაში პირველად მოხვდა. "ჯალობლუს" მას შემდეგ, 1-ის გარდა, ყველა სეზონი უმაღლეს ლიგაში აქვს გატარებული, "ვერონა" კი ხან ზემოთაა, ხან - ქვემოთ...

სხვათაშორის, "მფრინავ ვირებს" ამჟამად მაშინდელი კაპიტანი, ლორენცო დ'ანა წვრთნის, რომელიც პოსტზე გასული სეზონის ბოლოს დაინიშნა, როცა გუნდს გავარდნა ემუქრებოდა, მაგრამ დ'ანას ხელმძღვანელობით, ყველაფერი დადებითად გადაწყდა. დ'ანა ბოლო წლებში, "ჯალობლუს" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა. ის შინაური კაცია.

ცალკე გამოსარჩევი ფიგურაა სერჯო პელისიერი, რომელიც 2000 წელს, ჯერ კიდევ, სერია B-ში მყოფ "კიევოში" მივიდა და ახლაც კლუბის ფეხბურთელია. ის არსად წასულა და კლუბის ისტორის ყველა ეტაპი საკუთარ მხრებზე გადაუტანია - წარმატებაც და დაცემაც... სერჯოს ახსოვს ლუიჯი დელ ნერის ეპატაჟური "კიევო": 10 ნომრით მოასპარეზე მეკარე, კრისტიანო ლუპატელი, სალვატორე ლანა, ნიკოლა ლეგროტალიე, ეუჯენიო კორინი, ლუსიანო, კრისტიან მანფრედინი, სიმონე პეროტა, ბერნარდო კორადი და სხვები, ეს გუნდი მაშინდელი საოცარი სერია A-ს ის ნაწილი იყო, რომელიც მხოლოდ "კიევოს" შეეძლო რომ ყოფილიყო - ძალიან სხვანაირი და თავისებური...

სერჯო ამ ფოტოზე არაა, რადგან მაშინ პატარა ბიჭი იყო, თუმცა წლებმა ის ბევრზე დიდ ბიჭად აქცია. დღეს უკვე 39 წლის პელისიერი, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, 498 მატჩში გატანილი 135 გოლით, "მფრინავი ვირების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. სერჯო სიმბოლოა, რომელსაც დრო ვერაფერს უზამს...

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები