სტარიჯს ტრავმები არ ასვენებს
Aa
Aa

სტარიჯს ტრავმები არ ასვენებს

დანიელ სტარიჯის გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა. ფაქტი რომ, ექიმები უძლურნი არიან და 26 წლის თავდამსხმელი აშკარად "დათარსულია". ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" თავდამსხმელმა მორიგი ტრავმა მიიღო.

იგი "ლივერპულისა" და "ნიუკასლის" შეხვედრაში მოგვიანებით ჩაერთო, რადგან წინა დაზიანებების გამო ახალმომჯობინებული იყო და ბოლომდე მწყობრში ჯერ არ გახლდათ. თუმცა ახლა საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან და ლაზარეთს დაუბრუნდა. "სენტ ჯეიმს პარკზე" მან ახალი დაზიანება მიიღო და, მედიკოსების თქმით, რამდენიმე კვირით კვლავაც დაემშვიდობა ფეხბურთს. ეს კი ძალიან დასანანი ამბავია, რადგან, ჯერ ერთი, სტარიჯი ადამიანურად ცოდოა და მეორეც, იურგენ კლოპი და "ლივერპულის" ფანები დიდი ხანია, ელოდნენ მის დაბრუნებას, ეს ფეხბურთელი გუნდს ძალიან სჭირდება.

2013/14 წლების სეზონში მან "ლივერპულის" 43 მატჩიდან 33-ში მიიღო მონაწილეობა და საუცხოოდ გამოიყურებოდა. ამის შემდეგ კი მისი საქმე უკან-უკან მიდის - წინა სეზონში კლუბის 58 თამაშიდან მხოლოდ 18-ში მიიღო მონაწილეობა, მიმდინარეში კი 23-დან - 6-ში. 2014 წლის აგვისტოდან დღემდე ეს მისი მე-8 ტრავმაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები