რიკოშეტით მოგებული 1/8 ფინალი! - შვედეთი ბოლო 8 გუნდშია!
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა 1/8 ფინალურ მატჩში, ევროპული დერბი შედგა და შვედეთის ეროვნული ნაკრები შვეიცარიის უპირველეს გუნდს დაპირისპირდა.
წყვილში ფავორიტის დასახელება, საკმაოდ რთული საქმე გახლდათ და როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან დაძაბული და ორთაბრძოლებით დახუნძლული გამოდგა, შესამჩნევი გახლდათ მწვრთნელთა ტაქტიკური დუელი. ზოგადად, ორივე გუნდი უაღრესად დისციპლინირებული და ორგანიზებულია.
ისიც საინტერესოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში, შვეიცარიის ნაკრებს 1954 წლის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი. მაშინ შვეიცარიელებმა ავსტრიასთან 5:7 წააგეს და მუნდიალების ისტორიაში ყველაზე უხვგოლიან მატჩში მიიღეს მონაწილეობა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში, გუნდები პერიოდულად უტევდნენ და ვერ ვიტყვით, რომ რომელიმეს შესამჩნევი უპირატესობა ჰქონდა. შეტევაში გამწვავება ორივეს უჭირდა და იგრძნობოდა, რომ დაახლოებით ისეთი გოლი თუ გავიდოდა, როგორიც 66-ე წუთზე ვიხილეთ.
ოლა ტოივონენმა ბურთი ფორსბერგს გადააწოდა, რომელიც დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ცუდად დაარტყა და ზომერს ბურთის აღება არ გაუჭირდებოდა, თუმცა... მანუელ აკანჯიმ ბურთის დაბლოკვა გადაწყვიტა და მასზე ფეხით ითამაშა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა და ზომერის კარის ბადეც შეირხა, მეკარე კი სრულიად უშანსოდ დარჩა.

მატჩის დამატებულ წუთებზე, შვედებმა კონტრშეტევა განახორციელეს, რომელსაც ოლსონის მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა მოჰყვებოდა, თუმცა იგი ლანგმა წააქცია. თავდაპირველად, მსაჯმა პენალტისკენ მიუთითა, მაგრამ ვიდეო რეფერის დახმარების შემდეგ, ჯარიმა დანიშნა და დარტყმისთანავე, თამაშიც დაასრულა - 1:0.
შვედეთის ნაკრები ტურნირის 1/4 ფინალში 1994 წლის შემდეგ პირველად გავიდა და იქ კოლუმბიისა და ინგლისის შეხვედრის გამარჯვებულს შეხვდება - თამაში 7 ივლისს, სამარაში, "კოსმოს არენაზე" გაიმართება.