Aa
Aa

მწარე გაკვეთილი! - საქართველოს ნაკრები სერბეთთან განადგურდა

თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გამართა და სერბეთის ეროვნულ გუნდთან 50:87 დამარცხდა.

ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო ნაკრებმა ჩვენებს მწარე გაკვეთილი ჩაუტარა და ოთხივე მეოთხედი მოუგო, მათ შორის, მე-2 მეოთხედი სტუმართა გამარჯვებით, 19:7 დასრულდა.

ჩვენებს რამდენიმე მოთამაშე აკლდათ, შედეგად, გუნდის თავკაცმა, ილიას ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გამოიყვანა: გიორგი ცინცაძე, ტედ მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.

ქართველებმა თამაში არცთუ ცუდად დაიწყეს და თავიდან მეტოქეს ქულა-ქულაში მიჰყვებოდნენ, რასაც პირველი მეოთხედის დასკვნით ნაწილში ჩავარდნა და სერბთა 7 ქულიანი გაქცევა მოჰყვა - 11:18.

კიდევ უფრო წარუმატებელი და უიღბლო მე-2 მეოთხედი გამოდგა, რომელმაც დიდწილად თამაშის ბედიც გადაწყვიტა. 

მასპინძლებს საშინელი სერია ჰქონდათ და 5 წუთზე მეტი დროის განმავლობაში, 1 ქულის აღებაც ვერ შეძლეს (!!!). საბოლოოდ, აღნიშნული მეოთხედი სერბებმა 12 ქულიანი უპირატესობით მოიგეს და შესვენებაზე 19 ქულიანი სხვაობით გავიდნენ.

ბევრი არაფერი შეცვლილა მე-3 მეოთხედშიც, როცა ჩვენები სხვაობის დაქაჩვას ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოვიდა. მეტოქემ ისინი 20 ქულაზე ახლოს აღარ მიუშვა, თავად სერბთა ნაკრები სრულიად თავისუფლად მოქმედებდა, ქულებს აგროვებდა და თამაში გამარჯვებისკენ მარტივად მიჰყავდა.

ილიას ზუროსის გუნდმა მოწინააღმდეგის კალათში 18 ქულა ჩააგდო, თავად კი 23 მიიღო, შედეგად, ბოლო მეოთხედის წინ, სტუმართა უპირატესობა 24 ქულამდე გაიზარდა - 36:60.

ყველაზე წარუმატებელი დასკვნითი მეოთხედი გამოვიდა, რომელიც ქართველებმა 13 ქულის სხვაობით, 14:27 დათმეს და დიდი ანგარიშით - 50:87 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებისგან ყველაზე მეტი, 18 ქულა ტედ მაკფადენმა ჩააგდო, რომელმაც მონაგარს 3 მოხსნაც მიამატა. 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა თორნიკე შენგელიამ. 

5 ტურის შემდეგ, სერბეთის ნაკრებს 4 მოგება და 1 წაგება აქვს, რითაც ჯგუფის ლიდერია, თუმცა 4-დან 4 მოგებით მე-2 პოზიციაზე გერმანიის ეროვნული გუნდია. ჩვენებს 1 მოგება და 4 წაგება აქვთ, ბოლო ადგილზე კი ავსტრიის ნაკრებია, რომელსაც ოთხივე მატჩი წაგებული აქვს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 2 ივლისს, ასევე სპორტის სასახლეში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები