Aa
Aa

მუსას 2-მა შედევრმა არგენტინას რეალური შანსი დაუტოვა!

D ჯგუფის მე-2 მატჩში, ნიგერიის ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა და მშობლიური ქვეყნის გარდა, სრულიად არგენტინა გაახარა! მართლაც, "ალბისელესტეს" ჯგუფიდან გასვლის შანსი საგრძნობლად გაიზარდა.

შეხვედრის გმირი, აფრიკელთა ახალგაზრდა შემტევი, ახმედ მუსა გახდა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და ერთმანეთზე ლამაზი გოლები შეაგდო. 

ისიც აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მიხედვით, ამ ტურნირის მეორეადგილოსანი, ყველაზე მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანას ხვდებოდა - ნიგერიაში 182 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ისლანდიაზე კი - 334 ათასი. იმაზე ცოტათი მეტი, ვიდრე თბილისის ერთ-ერთი უბნის, გლდანის მოსახლეობაა.

მატჩი ევროპელთა აქტიურობით დაიწყო და მათ სტარტზე 2 მეტ-ნაკლებად სახიფათო დარტყმის შესრულება შეძლეს. ორივე შემთხვევაში მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა და ბურთი მოიგერია.

პირველ ტაიმში ძალიან მძიმე თამაში ვიხილეთ და მომენტები ფაქტობრივად აღარ ყოფილა. ნიგერიას 45 წუთის შემდეგ, კარში ზუსტი დარტყმაც არ ჰქონდა.

პირველისგან განსხვავებით, მე-2 ნახევარი აქტიურად ნიგერიამ დაიწყო და პირველსავე წუთზე ჰალდორსონს ბურთის მოგერიება მოუწია, რასაც სულ მალე, 49-ე წუთზე, აჰმედ მუსას ბრწყინვალე გოლი მოჰყვა.

ვიქტორ მოზესმა ფლანგიდან ჩააწოდა, მუსამ კი ურთულესი ბურთი დაამუშავა და ერთი შეხებით ბურთი ბადეში გაახვია. 

 

მუსა პირველი ნიგერიელია, რომელმაც ორ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. საინტერესოა, რომ მან 2014 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების კარი აიღო - მაშინ ნიგერია 2:3 დამარცხდა.

თამაშის სცენარი არც გოლის შემდეგ შეცვლილა, ბურთს ძირითადად "არწივები" აკონტროლებდნენ, ისლანდიას კი პოზიციური შეტევების განვითარება უჭირდა.

75-ე წუთზე, მუსას კიდევ ერთი ულამაზესი გოლი ვიხილეთ. მან მცველს სისწრაფეში აჯობა, მოძრაობაში მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა.

 

კუნძულელებს ანგარიშის სხვაობის შემცირების იდეალური შანსი 83-ე წუთზე მიეცათ, როცა ნიგერიელებმა დაცვაში საშინლად ითამაშეს და მსაჯმა პენალტისკენ მიუთითა.

ბურთთან გილფი სიგურდსონი მივიდა, რომელმაც მეკარე მოატყუა, მაგრამ დარტყმა ზედმეტად მაღალი გამოუვიდა და ბურთი ტრიბუნებისკენ გაფრინდა.

 

ნიგერიამ 3 ქულა მოაგროვა, ისლანდიას კი ისევ 1 ქულა აქვს. ბოლო ტურში, ნიგერია არგენტინას, ხოლო ისლანდია ხორვატიას შეხვდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები