ლევანდოვსკიმ
Aa
Aa

ლევანდოვსკიმ "ბაიერნს" აცნობა, რომ მიდის - პოლონელისთვის გრანდები იბრძოლებენ

რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა პინი ზაჰავიმ მიუნხენის „ბაიერნს“ აცნობა, რომ თავის კლიენტს კლუბის გამოცვლა სურს.

პოლონელ ფორვარდს უკვე დიდი ხანია მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ. ჯერ კიდევ წლევანდელი სეზონის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ ლევანდოვსკის ბუნდესლიგის დატოვება სურდა.

პინი ზაჰავის სახელს ნეიმარის „პსჟ“-ში ტრანსფერი უკავშირდება. ეს ყველაფერი მის შესაძლებლობებზე მეტყველებს.

„ბაიერნის“ პოზიცია მკაცრია - „რეკორდმაისტერი“ არ აპირებს, რომ თავისი ფორვარდი „რეალს“ დაუთმოს, თუმცა პოლონელის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გრანდებიც იჩენენ. საუბარია „მანჩესტერ იუნაიტედზე“, „პსჟ“-სა და „ჩელსიზე“.

რობერტ ლევანდოვსკიმ წლევანდელ სეზონში ბუნდესლიგის ბომბარდირის წოდება ზედიზედ მესამედ მოიპოვა. მის ანგარიშზე უკვე 180 ბუნდესლიგური გოლია. გერმანიის ჩემპიონის ტიტული კი მან უკვე მეექვსედ მოიგო.

ზაჰავი მიიჩნევს, რომ ლევანდოვკსიმ „ბაიერნში“ თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა.

„რობერტი თვლის, რომ მის კარიერაში ცვლილებების დროა და ამის შესახებ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმაც იციან“.

მიუნხენელებისთვის ლევანდოვსკის ასეთი ნაბიჯი მოულოდნელი იყო.

„ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ პოლონელს კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს და ქომაგებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

„ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ლევანდოვსკი გვყავს. მასთან ხანგრძლივი კონტრაქტი გვაკავშირებს და ამის თაობაზე ნერვიულობა არ ღირს. ის, მომდევნო სეზონსაც „ბაიერნის“ რიგებში გაატარებს“.

რომელი უფრო რეალური გამოდგება - ლევანდოვსკის გადაწყვეტილება, თუ რუმენიგეს ოპტიმიზმი, ამის შესახებ პასუხი მალე გვეცოდინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები