„ტორონტომ“ მწვრთნელი გაათავისუფლა
Aa
Aa

„ტორონტომ“ მწვრთნელი გაათავისუფლა

ორი დღის წინ დუეინ ქეისი NBA-ის მწვრთნელებმა წლის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს. დღეს კი ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით კანადელებმა ქეისი გუნდიდან გაუშვეს.

დუეინმა „რაპტორსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 7 წელი გაატარა და ჩატარებული მატჩების 57 პროცენტი მოიგო. ქეისიმ „ტორონტო“ ფლეი-ოფებში ზედიზედ 5-ჯერ გაიყვანა, თუმცა სუპერფინალში კანადელებს არცერთხელ უთამაშიათ. ბოლო სამი წლის მანძილზე „ტორონტომ“ სეზონში 50 ან მეტი თამაში მოიგო, წელს კი გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და რეგულარული სეზონი 59 გამარჯვებით დაასრულა.

ექსპერტთა აზრით სპეციალისტის გათავისუფლების მთავარი მიზეზი წარუმატებელი ფლეი-ოფებია. შეგახსენებთ, რომ „ტორონტომ“ ზედიზედ მეორედ ვერ მოახერხა ლებრონის წინააღმდეგობის დაძლევა და წლევანდელ სეზონში „კლივლენდთან“ უშანსოდ 4-0 დამარცხდა.

ქეისი დიდ ყურადღებას გუნდურ კალათბურთს უთმობდა და 2017-18 წლების სეზონში საუკეთესო სათადარიგო სკამიც ჰყავდა, თუმცა ფლეი-ოფში თამაში არავის წაუვიდა და „ტორონტომ“ ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები