''ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა'' - გველესიანის მატჩი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

''ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა'' - გველესიანის მატჩი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ირანული ''ზობ აჰანი'' ასევე ირანულ თეირანის ''ესტეღლალს'' შეხვდება. ''ზობ აჰანის'' შემადგენლობაში ქართველი მცველი გიორგი გველესიანი ირიცხება, რომელიც ''ესტეღლალის'' წინააღმდეგ სასტარტო თერთმეტეულში ითამაშებს. მატჩამდე ქართველი მცველი crystalsport-ს ესაუბრა.

''აზიაში ''ესტეღლალი'' ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც გერმანელმა მწვრთნელმა კარგად დააბალანსა. ''ესტეღლალს'' ირანის ყველა ქალაქში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მეტოქის ქომაგები საშინაო თუ საგარეო მატჩებზე ტრიბუნებს გაავსებენ. ჩვენს გუნდს კონტრშეტევებზე თამაში კარგად გამოსდის. ''ზობ აჰანი'' ამბიციური გუნდია და ორივე გუნდს მეოთხედფინალში გასვლის თანაბარი შანსი აქვს. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა  ლიგის ფინალში გასვლაა, რაც არ იქნება ადვილი, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით წარმატების მიღწევას'' - აღნიშნა გველესიანმა, რომელიც ირანულ გუნდში 2017 წლიდან ირიცხება.

აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა დღეს, 8 მაისს ''ზობ აჰანის'' სტადიონზე თბილისის დროით 18 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 15 მაისს თეირანში შედგება.

შეგახსენებთ, 26 წლის გიორგი გველესიანი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონს ატარებს. მან ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება ირანის ჩემპიონატს, ქართველმა საყრდენმა 18 მატჩი ჩაატარა, 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა მცველმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი ყვითელი ბარათი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ტაშკენტის ''ლოკომოტივთან'' მიიღო.

გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

ვერცხლის მედალი ირანში - გველესიანმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები