არაბულის გოლი ნახევარფინალში - ქართველმა ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა
Aa
Aa

არაბულის გოლი ნახევარფინალში - ქართველმა ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა

უნგრეთის საფეხბურთო თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში ''უიპეშტმა'' შინ 2:1 დაამარცხა ''ბალმაზუივაროში.'' მასპინძლებმა გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს. 85-ე წუთზე სტუმართა ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა ანგარიში შეამცირა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ჯერ საგოლე შეტევის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი საჯარიმოში საჰაერო ბრძოლა მოიგო და საბოლოოდ თავად გაიტანა.

 

საპასუხო მატჩი 9 მაისს ''ბალმაზუივაროშის'' არენაზე გაიმართება.

მიმდინარე სეზონში 24 წლის არაბულმა უნგრული გუნდის მაისურით  ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ''უიპეშტთან'' შეგდებული მეცხრე იყო.

მარტში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ თამაშში არაბულმა ტრავმა მიიღო. ტრავმის შემდეგ თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა მესამე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლით გაახარა ქომაგები.

''უიპეშტთან'' შეხვედრაში არაბულის მსგავსად სასტარტოში მოხვდა ირაკლი მაისურაძე, რომელმაც შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო ''ბალმაზუივაროშის'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძე ტრავმირებულია.

ბელგიის ელიტარული ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში მეოთხე ტურის მატჩი გაიმართა. ''გენტისა'' და ''გენკის'' დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. მე-80 წუთზე თამაშში ჩაერთო ''გენტის'' 18 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე. საუკეთესო ექვსეულში ''გენტი'' 32 ქულით მესამე ადგილზეა, 2 ქულით ჩამორჩება ''ანდერლეხტს,'' ხოლო ლიდერ ''ბრიუგესთან'' 5 ქულაა სხვაობა. ''ანდერლეხტისა'' და ''ბრიუგეს'' მეოთხე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ''გენტი'' კიდევ უფრო ჩამორჩება კონკურენტებს.

ლიტვის ა ლიგის მერვე ტურში პორტუგალიელი მარიანუ ბარეტუს გაწვრთნლი ''სტუმბრასი'' შინ 0:1 დამარცხდა ''სუდუვასთან.'' მასპინძელთა სამატჩო განაცხადში ლევან მაჭარაშვილი მოხვდა, თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა.  8-გუნდიან ჩემპიონატში ''სტუმბრასი'' 8 ქულით მე-7 ადგილზეა.

ქართველი ლეგიონერების შესახებ ასევე იხილეთ

''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია

გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები