მატჩის წინ - ტრენჩინი VS ტორპედო
Aa
Aa

მატჩის წინ - ტრენჩინი VS ტორპედო

ქუთაისის "ტორპედო" დღეიდან 2017-18 წლების ევროტურნირებში ჩაერთვება და "ევროპა ლიგის" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ტრენჩინს" მისსავე მოედანზე შეხვდება.

"ტორპედო" ახლა ტრენჩინიდან 30 კილომეტრის მოშორებით, პიეშტანიში იმყოფება. სლოვაკეთში ჩასულ ფეხბურთელთაგან ყველა ჯანმრთელადაა. მათგან რამდენიმემ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

გიორგი კუხიანიძე: „მეტნაკლებად შესწავლილი გვყავს მეტოქე. ვფიქრობ, რთული და დაძაბული მატჩი იქნება. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, შანსებს მაინც თანაბრად შევაფასებდი. სტუმრად გოლის გატანა უნდა შევძლოთ, რაც საპასუხო თამაშში წაგვადგება“.

ბექა ტუღუში: „ ცხადია, ურთულესი თამაში გვექნება, მაგრამ ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ. ყველამ თავი უნდა დავდოთ. შანსები 50-50-ზეა“. 

თორნიკე კაპანაძე: „ძალიან საპასუხისმგებლო თამაშია ჩვენ. მეტოქის არ გვეშინია. ვიმედოვნებ, ორი მატჩის ჯამში დადებით შედეგს მივაღწევთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ“.

ანრი ჭიჭინაძე: „დაძაბული ბრძოლა იქნება. უნდა მოვინდომოთ, საკუთარი ძალა ვირწმუნოთ და სასურველი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრა. შემდეგი თამაში ქუთაისშია და... “ტრენჩინზე“ ნაკლები შანსი ნამდვილად არ გვაქვს“.

გრიგოლ დოლიძე: „საკუთარ შესაძლებლობებს თუ სრულად გამოვავლენთ, არ გაგვიჭირდება. “ტრენჩინი“ ახალგაზრდული, მოძრავი გუნდია, მაგრამ ჩვენც გვაქვს პლიუსები და, მგონია, რომ შედეგს დავდებთ“.

მათე კვირკვია: „ჯერ არ ვიცი, მომეცემა თუ არა თამაშის შანსი, მაგრამ თუ მომეცა, თავს არ დავზოგავ. ეს ხომ ჩემი დებიუტი იქნება “ტორპედოში“. კარგად ვართ მომზადებულნი და თუ ვიბრძოლებთ, ჩვენ გულშემატკივრებს აუცილებლად გავახარებთ“.

დღევანდელი შეხვედრა "სტადიონ ნა სიჰოტიზე“თბილისის დროით 19:20 საათზე დაიწყება და მას ჩრდილოეთ ირლანდიელთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება - მთავარი მსაჯი ტიმ მარშალია.

 

გამოყენებულია fctorpedo.ge-ს მასალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები