იკერი და ჯიჯი - 10 საჩემპიონთალიგო ფაქტი ლეგენდებზე...
Aa
Aa

იკერი და ჯიჯი - 10 საჩემპიონთალიგო ფაქტი ლეგენდებზე...

მსოფლიო ფეხბურთის 2 გამორჩეული მეკარე, იკერ კასილიასი და ჯანლუიჯი ბუფონი, დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ითამაშებენ. 

"უეფას" ოფიციალურმა საიტმა მათ შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. მასში ამ ლეგენდარული ფეხბურთელების ასპარეზობის 10 ფაქტია მოცემული, რომელიც "ჩემპიონთა ლიგას" შეეხება. 

1. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იკერის დებიუტი 1999 წლის სექტემბერში, 18 წლის ასაკში შედგა, როცა "ოლიმპიაკოსთან" ითამაშა და 3 გოლი გაუშვა. მან ამავე სეზონში "რეალთან" ერთად ტიტულიც მოიგო და "ჩემპიონთა ლიგის" ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა, ვისაც ამ ტურნირის ფინალში უთამაშია. 

2. ბუფონმა "ჩემპიონთა ლიგაზე" პირველად 19 წლისამ ითამაშა. იგი მაშინ "პარმაში" ასპარეზობდა. ეს იყო ერთადერთი სეზონი, როცა "ჯიჯი" ამ ტურნირზე "იუვენტუსის" ღირსებას არ იცავდა. 

3. ჯამში 29 ფეხბურთელს აქვს "ჩემპიონთა ლიგაზე" 100 და მეტი შეხვედრა ჩატარებული. მათგან 5 მეკარეა: ჯანლუიჯი ბუფონი (101 მატჩი), ოლივერ კანი (103), ვიქტორ ვალდესი (106), პიოტრ ჩეხი (111) და იკერ კასილიასი (162). იკერი ამ მხრივ ტურნირის რეკორდსმენია. მეორე ადგილოსანი ხავია, რომელსაც "ჩემპიონთა ლიგაზე" 151-ჯერ უთამაშია. კასილიასის შემდეგ, მოქმედ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი მატჩი კრიშტიანუ რონალდუსა (134) და ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვთ ჩატარებული. საინტერესოა ისიც, რომ ამ მომენტისათვის "ჯიჯისა" და იკერის ანგარიშზე 167-167 სანაკრებო კეპია. 

4. კასილიასმა "ჩემპიონთა ლიგა" 3-ჯერ მოიგო. მეკარეთაგან ამდენჯერვე ეს ტურნირი ვიქტორ ვალდესს (ბარსელონა), რეი კლემენსს (ლივერპული), ზეპ მაიერსა (ბაიერნი) და ჰაინც სტუის (აიაქსი) აქვთ ტიტულატურაში. ტურნირის რეკორდსმენი "რეალის" კიპერი ხუან ალონსოა, რომელიც "სამეფო კლუბთან" ერთად 1956-1960 წლებში ზედიზედ ოთხჯერ გაჩემპიონდა. ბუფონს კი ეს ტიტული არასდროს მოუგია. მან "იუვენტუსის" რიგებში 2 ფინალი წააგო - 2003 წელს "მილანთან" და 2015-ში "ბარსელონასთან". 

5. კასილიასს "ჩემპიონთა ლიგის" 57 თამაშში არ გაუშვია გოლი, რაც რეკორდია. გამოდის, რომ იკერი ჩატარებული მატჩების 35%-ში ახერხებდა კარის მშრალად შენახვას. ამ მხრივ ბუფონს უკეთესი პროცენტი აქვს - 42%. იმ მეკარეებს შორის, რომელთაც მინიმუმ 50 მატჩი ჩაატარეს, საუკეთესო პროცენტი ედვინ ვან დერ სარს აქვს - 52%, მეორე ადგილზე ბრაზილიელი ნელსონ დიდაა - 49%. 

6. სანაკრებო დონეზე იკერი და "ჯიჯი" ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა ესპანელის მხარესაა - 3 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება. სამაგიეროდ იტალიელი საკლუბო დონეზეა უფრო წარმატებული. აქაც 8 ურთიერთშეხვედრა - 3-3 მოგება-წაგება და 2 ფრე, თუმცა ფლეი-ოფის სტადიაზე ბუფონის გუნდმა კასილიასისა სამივე შემთხვევაში გამოთიშა. 

7. ორივე მეკარემ "ჩემპიონთა ლიგაზე" თითო პენალტების სერია ჩაატარა და დამარცხდა. კასილიასმა 2011-2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ლამსა და კროოსს პენალტები აუღო, "ბაიერნთან" წააგო, ხოლო ბუფონმა 2003 წლის ფინალში ზეედორფსა და კალაძეს აჯობა, თუმცა თასი მაინც "როსონერის" დარჩა. 

8. ბუფონს "ჩემპიონთა ლიგაზე" ორჯერ ჰქონდა 5 მატჩიანი მშრალი სერია. მისი პერსონალური რეკორდი 559 გოლგაუშვებელი წუთია. რაც შეეხება კასილიასს მისი პირადი რეკორდი 476 "მშრალი" წუთია. მას ამ მომენტისათვის "ჩემპიონთა ლიგაზე" 3 თამაშია არ გაუშვია. ამ ტურნირის წუთობრივი რეკორდი იენს ლემანს ეკუთვნის, რომელიც 2005-2006 წლების სეზონში ზედიზედ 10 მატჩი არ უშვებდა და ჯამში მისი სერია 853 გოლგაუშვებელ წუთს ითვლის. 

9. "ჩემპიონთა ლიგის" მატჩებისას არც ბუფონი და არც კასილიასი მოედნიდან არ გაუძევებიათ. ორივესთვის ჯამში (!!!) მსაჯებს მხოლოდ 7 ყვითელი ბარათი აქვთ ნაჩვენები. საინტერესოა ისიც, რომ ამ ტურნირზე იტალიელი უკვე 73 მატჩია არ გაუფრთხილებიათ. 

10. იანვარში ბუფონი uefa.com-მა "წლის გუნდში" შეიყვანა, რომელშიც "ჯიჯი" 9 წლის მანძილზე ვერ ხვდებოდა. იგი ამ დროს 39 წლისა იყო და გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, ვინც ამ ნაკრებში შეიყვანეს. აი მარკო ბალოტას რეკორდის მოხსნა კი, მაინც რთული იქნება. "ლაციოს" ყოფილმა მეკარემ, 2007 წლის "ჩემპიონთა ლიგაზე" "რეალის" წინააღმდეგ 43 წლისამ და 253 დღისამ ითამაშა და ისტორიაშიც ჩაეწერა. რაც შეეხება კასილიასს, იგი ბოლო 14 სეზონიდან, 10-ჯერ მოხვდა "წლის გუნდში". 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები