მოურინიომ
Aa
Aa

მოურინიომ "მანჩესტერში" პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა?

ბრიტანული პრესის ღრმა რწმენით, გამორიცხულია, რომ სეზონის ბოლოს ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" თავკაცი არ გახდეს და როგორც ჩვენი იქაური კოლეგები აღნიშნავენ, პორტუგალიელს სატრანსფერო აქტიურობა უკვე დაწყებული აქვს და სასურველი ფეხბურთელების გადაბირებას აქედანვე ეშურება. 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტუგალიური სპორტული გამოცემის A Bola-ს კულუარული ცნობით, "მანკუნიანელებმა" ლისაბონის "ბენფიკას" 18 წლის ნახევარმცველ რენატო სანჩესთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და მომავალი სეზონიდან სანჩესი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს. 

ამ ტრანსფერზე საუბარი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და როგორც არაერთგზის გაცხადდა, ინგლისელები "ბენფიკას" საწყის ეტაპზე 40 მილიონ ევროს გადაუხდიან, შემდეგ კი ეტაპობრივად, ბონუსების სახით კიდევ 8 მილიონს ჩაურიცხავენ. 

შეგახსენებთ, რომ რენატო სანჩესი ლისაბონელთა ძირითად გუნდში წელს დააწინაურეს, მან კი სასტარტო თერთმეტეულში ადგილი მყისიერად მოიპოვა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლის გატანაც მოასწრო. 

სანჩესი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ და მოქმედების ფართო დიაპაზონით გამოირჩევა. შეუძლია როგორც შეტევების ჩაშლა, ისე იერიშებში აქტიურად თამაში, ძალიან მოძრავია და კარგ, დაყენებულ დარტყმასაც ფლობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები