კეინის ექვსწლიანი კონტრაქტი - ჰარი ''ტოტენჰემში'' ყველაზე მაღალანაზღაურებადია
ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ჰარი კეინმა ''ტოტენჰემთან'' ახალი ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრიტანული მედიის ცნობით ფეხბურთელის ყოველკვირეული ხელფასი გაორმაგდა. ახალი კონტრაქტის მიხედვით კეინი კვირაში 200 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს. მოთამაშემ ყოველწლიურად ბონუსების ჩათვლით შესაძლოა 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღოს. ჰარი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.
''აღელვებული ვარ. ეს საამაყო დღეა. მოუთმენლად ველი ახალ სტადიონზე თამაშს. უმთავრესია გუნდმა პროგრესი გააგრძელოს. შესანიშნავია ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა. იმედი მაქვს შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ მუნდიალსა და შემდეგ სეზონში'' - აღნიშნა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.
???? We are delighted to announce that @HKane has signed a new six-year contract with the Club, which runs until 2024. #OneOfOurOwn pic.twitter.com/4p6xfVTLkE
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) June 8, 2018
24 წლის ფორვარდმა, რომელმაც პრემიერლიგის გასულ სეზონში 30 გოლი შეაგდო, ერთ კალენდარულ წელში გატანილი გოლების მიხედვით ალან შირერის რეკორდი დაამხო. 2017 წელს პრემიერლიგაში კეინის ანგარიშზე 39 გოლი იყო.
კეინი პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად 6-ჯერ დასახელდა: იანვარი (2015), თებერვალი (2015), მარტი (2016), თებერვალი (2017), სექტემბერი (2017) და დეკემბერი (2017). კეინის ანგარიშზე პრემიერლიგაში ჩატარებულ 153 მატჩში 108 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ''ტოტენჰემის'' არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

კეინს ასევე უთამაშია ''ლეიტონში,'' ''მილუოლში,'' ''ნორვიჩსა'' და ''ლესტერში.'' ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში რეგულარულად ასპარეზობდა. 2015 წლიდან ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში 13 გოლი შეაგდო.