მუნდიალს მიღმა დარჩენილი ვარსკვლავების კომენტარები
Aa
Aa

მუნდიალს მიღმა დარჩენილი ვარსკვლავების კომენტარები

მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა არაერთი ვარსკვლავი დარჩა, თუმცა საფეხბურთო სამყაროში ყველაზე უფრო მაურო იკარდის, რაჯა ნაინგოლანის, ჯეკ უილშირისა და ალვარო მორატას მუნდიალზე არ წაყვანაზე საუბრობენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ისინი რუსეთში გასამართ ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებდნენ.

მას შემდეგ, რაც მწვრთნელების გადაწყვეტილებები ოფიციალურად გამოცხადდა, ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელებსა თუ ჟურნალისტებთან საუბრისას, თავიანთი აზრი დააფიქსირეს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

მაურო იკარდი: "ჩემი ოცნება მოკვდა. ჩემი იმედები მოკვდა. ყოველდღიურად ვშრომობდი ამისთვის და ზუსტად ვიცი, შანსი რატომ არ მომეცა. სამარცხვინოა, რომ ეს ადამიანი ჩვენი ნაკრების მაისურის ღირებულებებს პატივს არ სცემს, მე კი პირიქით, თუ მომავალში შანსი მომეცემა, ქვეყნის ფორმით მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ. არგენტინა ჩემი ცხოვრების ერთადერთი სამუდამო სიყვარულია". 

იკარდი სერია A-ს დასრულებული სეზონის თანაბომბარდირი გახდა. მან და ჩირო იმობილემ 29-29 გოლი გაიტანეს. არგენტინელმა თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატის 2014-15 წლების სეზონში 36 მატჩში 22 გოლი შეაგდო, 2015-16 წლებში 33 შეხვედრაში 16 გოლი მიითვალა, ხოლო 2016-17 წლებში - 34 თამაშში 24 გოლი.

ჯეკ უილშირი: „შანსი რომ მომცემოდა, ინგლისის ნაკრებში თავს აუცილებლად გამოვიჩენდი. თუმცა მწვრთნელის გადაწვეტილებას პატივს ვცემ და გუნდს წარმატებას ვუსურვებ. მუდამ ინგლისის ნაკრების გულშემატკივრად დავრჩები და ამჯერად ჩვენს ბიჭებს სხვებთან ერთად ვუქომაგებ“.

26 წლის უილშირმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან რამდენიმე შეხვედრა "არსენალის" ახალგაზრდულ გუნდთან ერთადაც გამართა. "ჯეკი ბოიმ" 2016-17 წლების სეზონი "ბორნმუთში" გაატარა და კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

რაჯა ნაინგოლანი: "სამწუხაროდ, ჩემი სანაკრებო კარიერა დასრულდა. ბელგიისთვის მუდამ ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ როგორც ჩანს, საკუთარი პიროვნული  ღირებულებების წარმოჩენა ვიღაცებისთვის მოსაბეზრებელია. დღეიდან ჩვენი ნაკრების გულშემატკივართა რიგებს ვუერთდები". 

იტალიური "რომას" ნახევარმცველი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2009 წლიდან თამაშობდა და მისი მაისურით გამართულ 30 თამაშში 6 გოლი გაიტანა. ნაინგოლანი რომაული კლუბის ძირითადის უცვლელი წევრია და ბოლო წლებში სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება.

ალვარო მორატა: "ჩემს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ წარმატებას ვუსურვებ! ამიერიდან, მას მხარს დავუჭერ და გავამხნევებ, ისე როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა". 

მორატა პრემიერ ლიგაში გასულ ზაფხულს გადავიდა და "ჩელსის" მაისურით არცთუ წარმატებული სეზონი ჰქონდა, თუმცა ინგლისის უმაღლესი ლიგის ეგიდით 31 თამაშში გატანილ 11 გოლს ფიასკოდ მაინც ვერ ჩავთვლით. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორატამ "ფურია როხას" რიგებში 5-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა, თანაც ის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 2-ჯერ იყო. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამ 5-დან 4 გოლი მან ლიხტენშტეინის უსუსტეს ნაკრებს გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები