არველაძე პოლონურ გუნდში ითამაშებს - ორი ქართველი ''კორონაში''
Aa
Aa

არველაძე პოლონურ გუნდში ითამაშებს - ორი ქართველი ''კორონაში''

თბილისის ''ლოკომოტივისა'' და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვატო არველაძე კარიერას პოლონურ ''კორონაში'' გააგრძელებს. ფეხბურთელმა instagram-ის გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: ''მე ვარ ახალ დონეზე.''

აღნიშნული ტრანსფერი პოლონური კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა და სტატიაში აღნიშნა, რომ არველაძემ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის კიდევ 1 წლით გაგრძელებაც, მხარეების სურვილზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, არველაძე თბილისური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან 2017 წლის ეროვნულ ლიგაში არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. ვატო იცავდა საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებების ღირსებას, ამჟამად კი ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

შეგახსენებთ, ''კორონაში'' ირიცხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა, თუმცა მან შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს. ამ ეტაპზე ორივე ქართველი ფეხბურთელი პოლონური გუნდის წევრია.

ვატო რევაზ არველაძის შვილია. 20 წლის ფეხბურთელს ''სასკოს,'' 35-ე საფეხბურთო სკოლისა და ''ლოკომოტივის'' შემადგენლობაში უთამაშია.

საერთო ჯამში საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 46 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. არველაძე საუკეთესო ფორმაში გასულ წელს შევიდა, როცა თბილისურ გუნდს გიორგი დევდარიანი ხელმძღვანელობდა. რეალურად არველაძის პროგრესი დევდარიანის დიდი დამსახურებაა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ დევდარიანის ფორმაციის ''ლოკომოტივში'' შედეგიანი სეზონი ირაკლი სიხარულიძემ ჩაატარა, რასაც მოყვა მისი მიწვევა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ტრანსფერი ჩეხურ ''სლოვაცკოში.''

დავამატოთ ისიც, რომ ვატო არველაძის აგენტი, მსოფლიოში ცნობილი ფუნქციონერი, მინო რაიოლაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები