''დიდებული ღამე'' - ვაკო გვილია ევროპა ლიგაზე
შვეიცარიის სუპერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ვაკო გვილიას ''ლუცერნმა'' მესამე ადგილი გაინაღდა და შემდეგ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. 34-ე ტურში ''ლუცერნმა'' სტუმრად 3:2 დაამარცხა ''სტ. გალენი.'' 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა. მატჩის ბოლო წუთზე გვილიას ყვითელი ბარათი უჩვენეს.
გამარჯვების შემდეგ ვაკო გვილიამ პირად facebook-ის გვერდზე დაწერა: ''ეს დაუჯერებელია. დიდებული ღამე. დამსახურებული სამი ქულა. მადლობა ქომაგობისთვის.''
გვილია შვეიცარიულ კლუბს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, ''ლუცერნი'' 20 ქულით მე-9 ადგილზე იყო, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში ჩატარებულმა წარმატებულმა შეხვედრებმა გუნდს ევროსაგზური მოუტანა. ამჟამად 10-გუნდიან სუპერლიგაში ''ლუცერნი'' 52 ქულით მესამე ადგილზეა, 6 ქულით უსწრებს ''ციურიხს'' და 13 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან ''ბაზელს.'' ჩემპიონობა რამდენიმე ტურით ადრე ''იანგ ბოიზმა'' მოიპოვა.

ბორისოვის ''ბატეში'' გატარებული წარუმატებელი სეზონის შემდეგ, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს იშვითად უწევდა მოედანზე გასვლა, გასულ ზამთარში შვეიცარიულ კლუბში ჩაირიცხა. სუპერლიგაში ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლი შეაგდო.

ზაპოროჟიეს ''მეტალურგისა'' და ''მინსკის'' ყოფილი ფეხბურთელი ვაკო გვილია 2016 და 2017 წელს ''ბატესთან'' ერთად ორჯერ გახდა ბელარუსის ჩემპიონი. ვაკომ 2017 წელს ბელარუსის სუპერთასიც მოიგო.
