„ამ გამოწვევისთვის მზად ვარ“ - რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026 წლის სეზონის მეორე შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
ამ წუთებში, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.
რამაზ სვანაძე:
„პირველ რიგში, მოგესალმებით და კითხვისთვის მადლობას გიხდით. საუბარს მეც მადლობით დავიწყებ: უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ვილის იმ ყველაფრისთვის, რაც მან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა. გარდა ამისა, მადლიერი ვარ, რომ, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ხშირად მეძლეოდა შანსი, ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების სამუშაო შტაბში, რაც ჩემთვის, მერწმუნეთ, უდიდესი გამოცდილება იყო. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ ყოველთვის არსებობდა, არის და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება. უშუალოდ თქვენს კითხვაზე რომ გადავიდე - ეს ნდობა იქნება იმიტომ, რომ რამაზ სვანაძე იქ, სადაც ახლაა, მარტივად არ მოსულა. ზოგადად, საფეხბურთო სამყაროში ბევრი ცნობილი ფეხბურთელია, რომელთათვისაც ამა თუ იმ პოსტის დაკავება შედარებით მარტივია. ეს ყველამ ვიცით და ასე ხდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. მე კი ამ პოზიციამდე მოსასვლელად ძალიან დიდი და რთული გზის გავლა დამჭირდა - დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, გაგრძელებული ასაკობრივი ნაკრებებით და დამთავრებული იმ ორი ევროპის ჩემპიონატით, რომელთა მსგავსი შედეგიც საქართველოში მანამდე არ გვქონია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აღარ უნდა დავსვათ კითხვა - მზად არის თუ არა რამაზ სვანაძე იმისთვის, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყოს. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემას მირჩევნია, რომ უკვე ყველაფერი შედეგებით შეფასდეს, რადგან ნებისმიერი მწვრთნელის მომავალს სწორედ მისი შედეგები განსაზღვრავს. რაც შეეხება წარსულს - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოხდა სწორედ იმიტომ, რომ მე ამ გამოწვევებისთვის მზად ვარ.“
„ჩემთან ერთად არის გიორგი დეკანოსიძე, ჩემი ასისტენტი იქნება ბონდო გოცირიძეც, თუმცა [შტაბის] კომპლექტაცია ჯერ დასრულებული არ არის, რადგან თავიდან ბოლომდე კონცენტრირებულები ვართ თამაშებზე“.
„რაც შეეხება ტაქტიკურ ნაწილს, რა თქმა უნდა, ამას არ შევეხები და ამაზე არ ვისაუბრებ. თუ რას ველოდები და რის ხარჯზე, ამას ნაწილობრივ წინა კითხვაზე პასუხისას უკვე შევეხე. ველოდები, რომ გვექნება სწორი რეაქცია და ემოცია იმ ყველაფერზე, რაც თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა. სისწორეში კი ვგულისხმობ იმას, რომ, სამწუხაროდ, პირველი თამაში მარცხით დავიწყეთ და ახლა ყველაფერი შეცდომების გამოსწორებისკენ იქნება მიმართული. გარდა ამისა, ყოველთვის მოქმედებს მწვრთნელის ცვლილებასთან დაკავშირებული ფაქტორი, თუმცა ეს ძირითადად ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფონზე აისახება. ამიტომ, ველოდები, რომ ხვალ ჩემი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იქნება. ველოდები ერთიანობას და იმ საერთო სულისკვეთებას, რაც წინა თამაშებში გვქონდა. ამაში ვგულისხმობ როგორც ჩვენს მაყურებელსა და გულშემატკივარს, ისე თქვენ (ჟურნალისტებს) და, უშუალოდ, ფეხბურთელებსაც. ამ ერთიანობის გარეშე ძალიან რთულია რაიმეს მიღწევა - არა მხოლოდ კონკრეტულ თამაშში, არამედ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გრძელ დისტანციას ეხება. შესაბამისად, პირველი, რაზეც ვიზრუნებდით და რისი გაკეთებაც მინდა, სწორედ ამ ფაქტორების უზრუნველყოფაა. რაც შეეხება დანარჩენს, წმინდა საფეხბურთო დეტალებს - რა თქმა უნდა, ეს უკვე მოგვიანებით სასაუბრო თემებია“.
ჩემი და ჩემი სამწვრთნელო შტაბის მთავარი გეგმა გუნდში სტაბილურობის მიღწევაა. გვსურს ისეთი სტაბილურობა, რომელიც დადებითად აისახება როგორც თამაშის ხარისხზე, ისე, შეძლებისდაგვარად, იმ შედეგებზეც, რომლებსაც ნაკრები დააფიქსირებს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საფიქრალი სწორედ ამ სტაბილურობის მოპოვება და შენარჩუნებაა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული, ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, თუმცა მჯერა, რომ სწორი მიდგომითა და სათანადო მუშაობით, ამ ყველაფრის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.
„რა თქმა უნდა, კონკრეტულ ანგარიშზე წინასწარ კომენტარს არ გავაკეთებ. ჩემი მთავარი მისია და მიზანი, როგორც ხვალინდელ, ისე ნებისმიერ სხვა მატჩში, არის ის, რომ საქართველოს ნაკრები მოედანზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად გავიდეს. რა თქმა უნდა, მესმის, რომ რეალობაში სულ ასე ვერ იქნება და ყოველთვის ვერ მოვიგებთ, თუმცა ამაზე საუბრისას ვგულისხმობ იმ ყველაფრის მენტალურ მხარეს, რისი მიღებაც საბოლოო ჯამში მსურს. კერძოდ, მინდა, რომ გუნდი მენტალურად ისე იყოს განწყობილი, რომ მათთვის ნებისმიერი თამაში უმნიშვნელოვანესი იყოს და თითოეულ მატჩში, განსაკუთრებით სანაკრებო დონეზე, მოედანზე მხოლოდ დადებითი შედეგის მისაღწევად გავდიოდეთ. სწორედ ეს არის ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რის გარშემოც შემდგომში მთელი ამ პროცესის აწყობას ვაპირებთ.“
„მე, როგორც მწვრთნელი, რომელიმე კონკრეტულ პრობლემას ვერ გამოვყოფ. ნებისმიერ გუნდს თუ ნაკრებს ყოველთვის სჭირდება გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს ნაკრებს - ეს ზოგადი მიდგომაა. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება ჩვენც გვჭირდება. ცხადია, თავისი სტატუსის მიუხედავად, ყველა მწვრთნელი ამ პრობლემებსა თუ თამაშის ხარისხს სხვადასხვანაირად აღიქვამს. ამიტომ, შევეცდები, რომ ის ფეხბურთი, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელსაც ხაზი გაუსვით, უფრო მეტად დაინერგოს და დაიხვეწოს ეროვნულ ნაკრებში. თუმცა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. სამწუხაროდ, ახლა ამის დრო არ გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს დრო აუცილებლად გვექნება.“
„პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ხვიჩას და იმედი მაქვს, რომ ის ამ პრიზს მოიგებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ საკითხში აქ მყოფი თითოეული ადამიანი ერთსულოვანია. გარდა ამისა, მინდა წარმატება ვუსურვო არა მხოლოდ მას, არამედ მთლიან გუნდს ხვალინდელ თამაშში. რადგან ეს ბოლო კითხვაა, საუბარს ასე დავასრულებ - მინდა მივმართო ჩვენს გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერაც პირადად მე არაერთხელ მიგრძნია. ძალიან კარგად ვიცი, თუ რა რთულია ქართველისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა. ეს სრულიად განსხვავებული სიტუაცია და მდგომარეობაა იმისგან, როცა უცხოელი სპეციალისტი ამა თუ იმ ქვეყანაში მუშაობს. თუმცა, ისიც ძალიან კარგად ვიცი, თუ რამხელა ძალა აქვს ქართველ ქომაგს, როდესაც ის ერთიანია. ამიტომ, ხვალინდელ თამაშზეც მათი დიდი მხარდაჭერის იმედი მაქვს. უკვე 11 წელია, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ქართველი მთავარი მწვრთნელი არ ჰყოლია. მე ამ ფაქტით ვამაყობ, მაგრამ, ამავდროულად, ვაცნობიერებ, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამიტომ მინდა, რომ ამ საქმეში ყველანი ერთად და ერთიანები ვიყოთ. გზად აუცილებლად იქნება მომენტები, როცა რაღაც გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მჯერა, რომ ჩვენ ისევ ისე გავიხარებთ, როგორც მაშინ გავიხარეთ, როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედით. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის.“
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, 25 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა, რის გამოც აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს თანამდებობა დაატოვებინეს, მის მაგივრად კი გუნდში რამაზ სვანაძე დაინიშნა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.