კაჭარავას საგოლე პასი ჩემპიონთან - ფორვარდმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა
Aa
Aa

კაჭარავას საგოლე პასი ჩემპიონთან - ფორვარდმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა

პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ვარშავის ''ლეგიამ'' საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა ''კორონა.'' მასპინძლებმა გოლები 47-ე და 55-ე წუთებზე გაიტანეს. ანგარიშის შემცირების კარგი შანსი ნიკა კაჭარავას ჰქონდა. ''კორონას'' კონტრშეტევა ქართველი ფორვარდის დარტყმით დასრულდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი ვერ გამოიყენა.

  

78-ე წუთზე ''კორონას'' კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. თამაშის წესის დარღვევისთვის არბიტრმა სტუმართა ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა, თერთმეტმეტრიანი კი ''ლეგიას'' ფეხბურთელმა მიროსლავ რადოვიჩმა გამოიყენა და ანგარიში 3:0 გახდა.

სტუმრებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 88-ე წუთზე გაიტანეს. ''კორონას'' ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ საგოლე გადაცემა შეასრულა.

კაჭარავას მე-7 საგოლე გადაცემა

 

კვიპროსში დაბადებულმა 24 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასას 23 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ''კორონასთან'' კონტრაქტი გასულ ზაფხულში გააფორმა.

 ექსტრაკლასას საუკეთესო რვა გუნდს შორის ''კორონა'' 48 ქულით მე-6 ადგილზეა. კაჭარავას გუნდი საუკეთესო სამეულს 9 ქულით ჩამორჩება და 2 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტ ''ზაგლებიეს.''

მძიმე მარცხი ზარანდიას გარეშე

პოლონეთის ექსტრაკლასაში გდინიას ''არკა'' შინ 1:5 განადგურდა ''პიასტთან.'' საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი ლუკა ზარანდია ტრავმის გამო ვერ თამაშობს. პოლონეთის ელიტარული ჩემპიონატის მეორე რვა გუნდს შორის ''არკა'' 34 ქულით მე-5 ადგილზეა და 5 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ ''ტერმალიცას,'' რომლის შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელი ნიკა კვანტალიანი ირიცხება.

მსგავსი სიახლეები