უეფა, ფიფა
Aa
Aa

ფიფამ უეფა ცილისწამებაში დაადანაშაულა - ბრძოლა გრძელდება

The Athletic-ის განკარგულებაში აღმოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც FIFA-მ აშშ-ის სასამართლოში უეფას ქმედებების შემდეგ გაგზავნა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ შესაძლო „სისხლისსამართლებრივი დევნის“ დაწყების წინ, კერძო ინვესტორებზე მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების ნაწილის პოტენციურ გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება მოითხოვა.

ახლა კი ფიფამ შუამდგომლობა შეიტანა უეფას მოთხოვნის უარყოფის ან მოთხოვნილ დოკუმენტებზე წვდომის მიცემის გადავადების შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნები გაფორმებულია როგორც იურიდიული დოკუმენტები სათაურებითა და საქმის ნომრებით, ისინი სხვა არაფერია, თუ არა პრესრელიზები ფიფასა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ უეფას ცილისმწამებლური კამპანიის მხარდასაჭერად.

ეს ნათლად ჩანს უეფას გადაწყვეტილებიდან, მედიისთვის ეცნობებინა ამ განცხადებების შეტანამდე, განცხადების უთვალავი აბზაციდან, რომლებიც გამყარებულია მხოლოდ პრესის ცნობებზე მითითებებით (რომელთაგან ბევრი უეფას ციტირებს), და იმ ფაქტიდან, რომ უეფას განცხადებას ფუნდამენტური ხარვეზი აქვს: უეფა ითხოვს ინფორმაციის გასაჯაროებას უცხოური სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, რომელიც არ არსებობს და რომლის ინიციირების უფლებამოსილებაც, თავად უეფას აღიარებით, მას არ გააჩნია“,

- ნათქვამია ფიფას განცხადებაში, რომელიც სამშაბათს ნიუ-იორკში შეიტანეს და The Athletic-ის ხელში მოხვდა.

ფიფამ ასევე დაადანაშაულა უეფა მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების ნაწილის გაყიდვის შეთავაზების განხილვის გამიზნულად დაბლოკვაში.

„დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის ნაცვლად, უეფამ პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომელმაც ფიფასა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მრავალკვირიან ცილისმწამებლურ კამპანიას დაუდო სათავე. უეფამ ფიფა „დაშინების გზით მართვაში“ დაადანაშაულა და FIFA Forward Enterprise „იძულების აქტად“ შეაფასა“,

- ნათქვამია დოკუმენტში.

ფიფა ამტკიცებს, რომ უეფას „ეკონომიკური მოტივაცია“ მდგომარეობდა იმაში, რომ „არ მისცეს მცირე ქვეყნებს ევროპულ ელიტასთან კონკურენციის ფინანსური შესაძლებლობების მიღების საშუალება“:

„თუ ფეხბურთი განვითარებად ქვეყნებში ძლიერდება, გლობალური კონკურენცია იზრდება, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს უეფას საბაზრო ძალაუფლებას და აძლიერებს კონკურენციას მის წამყვან ტურნირებზე. სახსრების მოზიდვა იმისთვის, რომ ზოგიერთ მცირე ასოციაციას ფეხბურთის უკეთ განვითარების საშუალება მიეცეს, გამოიწვევს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან მეტი მოთამაშე ამჯობინებს საკუთარი ქვეყნების წარმოდგენას და საზღვარგარეთის ნაცვლად, ადგილობრივ ლიგებში თამაშს. ეს ყველაფერი სხვა რეგიონებში უეფას დომინირებას ძირს გამოუთხრის“.

- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები