კრაკოვიას სენსაციური სათასო მარცხი - კაკაბაძემ პენალტი გაიტანა
„კრაკოვია“ პოლონეთის საფეხბურთო თასს სენსაციურად, 1/32-ფინალიდან გამოეთიშა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წლევანდელ სეზონში ოთარ კაკაბაძეს და მის თანაგუნდელებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ, რადგან ჩემპიონატიც არადამაჯერებლად დაიწყეს და ექვსი ტურის შემდეგ მეათე ადგილს იკავებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ თასზე მეტოქედ „პრუჟკოვის“ სახით ქვედა ლიგის წარმომადგენელი ჰყავდა, „კრაკოვიას“ დამრიგებელმა კაკაბაძის დასვენება გადაწყვიტა და ის მოედანზე 61-ე წუთზე შემოიყვანა. ქართველმა მცველმა მარცხენა ფლანგზე თამაში გაამწვავა და ერთ ეპიზოდში კარგად გაიხსნა, თუმცა თანაგუნდელმა პასი არ მიაწოდა. მოგვიანებით კი, თავად ოთარმა გაიყვანა საიფალა ლტაიეფი დასარტყმელ პოზიციაზე და ამ უკანასკნელს სიზუსტემ უმტყუნა. საბოლოოდ მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა და 11-მეტრიანების სერიაში შვიდი დარტყმიდან „კრაკოვიას“ ფეხბურთელებმა ოთხი გააცუდეს, კაკაბაძე კი საბედნიეროდ იმ სამ მოთამაშეს შორის იყო, რომელმაც უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სისრულეში მოიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ექვს ტურში დაგროვებული რვა ქულით „კრაკოვია“ პოლონეთის ექსტრაკლასაში მეათე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ოთარ კაკაბაძე და მისი თანაგუნდელები ქვეყნის პირველობაზე საკუთარ სტადიონზე ზაბრჟეს „გურნიკთან“ გამართავენ, რომელიც 6 სექტემბერს, თბილისის დროით 16:45 წუთზე დაიწყება.