„გუნდი არც ერთ დღეში და არც ერთ თვეში არ კეთდება“ - ცხადაძემ გაბალა დატოვა
წინა სეზონში მის ხელთ არსებული მწირი რესურსების მიუხედავად, კახა ცხადაძემ შეძლო და „გაბალას“ გადათამაშების გზით აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. ყოველივე აქედან გამომდინარე, თითქოს მისთვის წლევანდელ სეზონში მუშაობის საშუალება უნდა მიეცათ, თუმცა სუპერლიგის დაწყებიდან სამი ტურის შემდეგ, ქართველმა სპეციალისტმა კლუბი დატოვა. მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, როდესაც „გაბალამ“ სამ ტურში ერთი ბურთიც ვერ გაიტანა და ჯამში მხოლოდ ქულა აიღო. როგორ მოხდა აზერბაიჯანიდან საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და მთავარი მწვრთნელის წამოსვლა, ამის თაობაზე ცხადაძემ ვრცლად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
კახა ცხადაძე
არც ერთი მწვრთნელი კმაყოფილი არ იქნება, როდესაც კლუბის დატოვება უწევს. თუმცა, ხელმძღვანელობასთან გასაუბრების შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე ასე იყო უმჯობესი. პირადად მე ამ გუნდში პერსპექტივას ვხედავდი, მაგრამ იცით რა მოხდა? ექვსკვირიანი მზადების ეტაპი სულ სხვა ფეხბურთელებს გავატარე და ჩემპიონატის დაწყებამდე პრაქტიკულად ერთი დღით ადრე, უამრავი ახალი მოთამაშე მოვიდა. ახალი გუნდი კი არც ერთ დღეში, არც ერთ კვირაში და არც ერთ თვეში არ ლაგდება.
სამომავლო გეგმები? სიმართლე გითხრათ, ვიგრძენი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ემოციურად ძალიან გადავიღალე, რის გამოც ვაპირებ ზამთრამდე დავისვენო. დასვენების პარალელურად კი, ასევე მსურს რომელიმე კლუბში სტაჟირების გავლა, რათა გავეცნო სიახლეებს სამწვრთნელო საქმეში, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამომადგება.
ცნობისათვის, კახა ცხადაძეს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში უამრავ კლუბში უმუშავია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებსაც ამზადებდა. აქვე გეტყვით, რომ მწვრთნელობის პერიოდში ცხადაძემ საერთო ჯამში გამართული 369 მატჩიდან 187 მოიგო, 93 ფრედ დაასრულა და 90 წააგო.