ბეგლარიშვილის სუპერმატჩი - ქართველი სამივე გოლში მონაწილეობდა
ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნომეს“ შემადგენლობაში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. მართალია ეს გუნდი ესტონეთის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მაგრამ ყოველივე ეს 36 წლის ქართველი ნახევარმცველის ბრწყინვალე ასპარეზობას მცირე ჩრდილსაც ვერ აყენებს და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ის ამ კლუბის ერთადერთი ნათელი წერტილია.
„ნომემ“ დღეს ქვეყნის თასზე ითამაშა და მერვედფინალში „პარნუ“ 3:2 დაამარცხა, რაშიც ვეტერან ქართველ ნახევარმცველს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მატჩის სასტარტო წუთებში მასპინძლებს განსაკუთრებული უპირატესობა არ ჰქონდათ, თუმცა მე-20 წუთზე ბეგლარიშვილის ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით დაწინაურდნენ, რომელმაც ბურთი კარგად წაიღო და საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა.
პირველ ნახევარში „ნომემ“ სტუმართა კარში კიდევ ორი გოლი გაიტანა და ორივე შემთხვევაში ყურადღების ცენტრში ზაქარია იყო, რომელმაც ჯერ 23-ე წუთზე ზამბიელ ბენჟამინ ჩისალას გაუკეთა საგოლე გადაცემა, ხოლო 38-ე წუთზე მისი კუთხურის შემდეგ „პარნუს“ ფეხბურთელმა ავტოგოლი მიითვალა და შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი საბოლოოდ სწორედ აქ გადაწყდა.
ცნობისათვის, ზაქარია ბეგლარიშვილისთვის ეს ესტონეთის თასის წლევანდელ გათამაშებაში პირველი გოლი და პირველი საგოლე გადაცემა იყო. მეისტრილიგაში კი ქართველი ნახევარმცველი დიდებულად გამოიყურება და მის აქტივში უკვე 8 გოლი და 8 ასისტია.