ფიზიკურად ძლიერი ბიჭია | ნიუკასლის (U21) მწვრთნელმა სალიაზე ისაუბრა
ბრიტანულმა Chronicle Live-მა „ნიუკასლის’’ 21-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობი სტოკდეილის კომენტარი გამოაქვეყნა, ინგლისელმა სპეციალისტმა ვახო სალიაზე ისაუბრა, რომელმაც ახალი სეზონი შედეგიანად დაიწყო, ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა.
„ჩვენთან ვახოს ინტეგრაცია შედარებით ნელა მიმდინარეობს, რადგან ის შარშან (2025 წლის ზაფხულში) შემოგვიერთდა და ბარძაყის უკანა კუნთის მძიმე ტრავმა მიიღო, რასაც ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. სიმართლე რომ ვთქვათ, სარეაბილიტაციო პროცესში ამ ტრავმას დროდადრო გრძნობდა.
ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზეც კი საკმაოდ ფრთხილად ვიყავით. არ გვინდა, რომ ისევ დაშავდეს, ამიტომ მის სათამაშო წუთებს ეტაპობრივად ვუზრდით. ხედავთ, ფიზიკურად ძლიერი ბიჭია და საქართველოში პროფესიულ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს, რაც მის სტილზეც აისახება.
90 წუთისთვის მზად არაა. ამიტომ ვცდილობთ, ფორმაში ნელ-ნელა შევიყვანოთ. 21-წლამდელთა გუნდის მთავარი სპეციფიკაც სწორედ ესაა, აქ ყველა მოთამაშე მომზადების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება.“
გასული სეზონის ნოემბერში, როცა სალია რეაბილიტაციას გადიოდა, ნიუკასლის 21-წლამდე გუნდის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ადამ ლოურენსმა საქმისადმი კარგი დამოკიდებულების გამო შეაქო: „მას კარგი პროგრესი აქვს. ყველა ძალიან დამწუხრდა, როცა კლუბში მოსვლისთანავე ტრავმა მიიღო. სათამაშო მოედანზე არ მინახავს, მაგრამ სავარჯიშო ბაზაზე თავისი ქცევით ამტკიცებს, რომ შესანიშნავი ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, შინაგანად ძალიან უჭირდა, თუმცა ეს არ შეიმჩნია და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნა. სამედიცინო და სპორტული მეცნიერების შტაბი ვარაუდობს, რომ დეკემბრის ბოლოს ან იანვარში შეძლებს გუნდთან ერთად ვარჯიშს და ფიზიკური კონდიციების აღდგენას, თუმცა პროცესს კვირიდან კვირამდე ვაკვირდებით. მოვლენებს რომ არ გავუსწროთ, ის გეგმას მიჰყვება, რეაბილიტაციის პროცესში კარგი პროგრესი აქვს, ძალიან მონდომებულია“.
როგორც გითხარით, 19 წლის ფეხბურთელმა ტაინსაიდის მხარის გუნდში ახალ სეზონში 2 მატჩი ჩაატარა, ორივე შეხვედაში გაიტანა. ნაციონალური ლიგის თასზე ტამუორთს თავით გაუტანა, პრემიერ ლიგა 2-ში „ტოტენჰემის'' 21-წლამდე გუნდს.
სალიას გოლი პრემიერლიგა 2-ში