ქომაგებმა ლავალთან საუკეთესოდ აღიარეს | აბუაშვილის წარმატებული სტარტი ლიგა 2-ში
„მეცის’’ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი აბუაშვილმა სეზონი ლიგა 2-ში მაღალ დონეზე დაიწყო, შეტევაში ძალიან სახიფათოა და მეტოქის მცველებს ბევრ პრობლემას უქმნის. ამასთან ერთად, დაცვაში დიდ სამუშაოს ასრულებს და ქმნის მოლოდინს, რომ ლიგა 2-ის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, შესაძლოა საუკეთესოც კი, როგორც გასულ სეზონში ზურიკო დავითაშვილი იყო.
პირველ ტურში „გინგამთან’’ გამარჯვების გოლი გაიტანა (82-ე წუთზე შეცვალეს), მეორე ტურში „გრენობლის’’ წინააღმდეგ აქტიური იყო, გოლამდე მცირედი დააკლდა (90 წუთი ითამაშა), მე-3 ტურში „ლავალთან’’ ორი გამოცემის ვერსიით თავის გუნდში საუკეთესო იყო (86-ე წუთზე შეცვალეს).
მეორე ტურის წინ „მეცის'' მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა აბუაშვილი შეაქო: „ის არის მოთამაშე, რომელსაც უყვარს ერთი-ერთზე თამაში. სიამოვნებს დრიბლინგი, მომენტების შექმნა, არასდროს იზოგავს თავს არც შეტევაში და არც დაცვაში. მწვრთნელისთვის ასეთი ფეხბურთელის ყოლა ნამდვილი საჩუქარია“.
მესამე ტურის შემდეგ დამოუკიდებელმა მედიაპლატფორმამ, Le Feu Sacré Média-მ, რომელიც „მეცის’’ ამბებს აშუქებს, „ლავალთან’’ „მეცის’’ საუკეთესო ფეხბურთელად აბუაშვილი დაასახელა.
„მეცის’’ ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა და ხმათა ყველაზე დიდი პროცენტი ქართველმა გარემარბმა მიიღო - 41 პროცენტი.
ცნობილმა გამოცემა Le Républicain Lorrain-მა აბუაშვილი „მეცის’’ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა: „მართალია, პაპე მუსა ფალმა სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა, ხოლო ტეჟი სავანიემ შინდისფერი მაისურით სადებიუტო შეხვედრაში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა ასევე ხაზგასასმელია ქართველი თავდამსხმელის, გიორგი აბუაშვილის დიდი აქტიურობა. ამ შაბათს, „ლავალის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მას მხოლოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში დააკლდა ეფექტურობა’’.
23 წლის გიორგი აბუაშვილი ფოთის „კოლხეთის'' საკუთრებაა, ზედიზედ მეორე სეზონია „მეცში'' იჯარით თამაშობს.
Transfermarkt-ი ფეხბურთელს მილიონ ევროდ აფასებს.