კაკაბაძის საგოლე გადაცემა ბოლო წამებზე | კრაკოვია ორჯერ აგებდა და 3:2 მოიგო
ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. პოლონეთის ექსტრაკლასას მეხუთე ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „ვიეჩისტა კრაკოვს“ დაუპირისპირდა და, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მარცხდებოდა, 3:2 მოიგო.
მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და 23-ე წუთზე მატეუშ ვიეტესკას გოლით დაწინაურდნენ. „კრაკოვიამ“ პირველი ტაიმის ბოლოს, მაურო პერკოვიჩის წყალობით გაათანაბრა. 53-ე წუთზე ლისანდრო სემედუს მიერ გამოყენებული პენალტით სტუმრები წინ კიდევ ერთხელ გავიდნენ, თუმცა 78-ე და მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე აიდინ ჰასიჩის დუბლით „კრაკოვიამ“ 3:2 მოიგო.
კაკაბაძემ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. „კრაკოვიას“ მესამე გოლი სწორედ მის პასს მოჰყვა და ოთარმა საგოლე გადაცემა მიითვალა. კაკაბაძემ ჰასიჩს პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის ჩაწოდებისას კი მეკარემ ცუდად ითამაშა და ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მსაჯმა თამაშიც დაასრულა.
ცნობისთვის, „კრაკოვიას“ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. კაკაბაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს გამართავს და „რადომიაკ რადომს“ დაუპირისპირდება.