„პსჟ-ის ჯადოქარი გარემარბი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“ | Goal-ის სტატია ხვიჩაზე
Goal-მა „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. „ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებს, თუმცა „პარი სენ-ჟერმენის“ ჯადოქარი გარემარბი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“, — ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია და აი, რას წერს ავტორიტეტული გამოცემა:
„„პარი სენ-ჟერმენმა“ კიდევ ერთი ტიტული მოიგო. ოთხშაბათს საღამოს, ზალცბურგში, ლუის ენრიკეს გუნდმა „ასტონ ვილა“ დაამარცხა და უეფას სუპერთასი შეინარჩუნა. უნაი ემერის „ვილამ“ მეტოქეს ძალიან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და 17 წლის ბრაიან მაჯომ პსჟ-ის დაცვის ხაზს უამრავი პრობლემა შეუქმნა, თუმცა საბოლოოდ, ისინი მაინც ერთმა ადამიანმა გატეხა — შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
მან ანგარიში მე-20 წუთზე, გასაოცარი და სრულიად მოულოდნელი დარტყმით გახსნა. დეზირე დუემ „ნაპოლის“ ყოფილ ვარსკვლავს საჯარიმოს შორეულ კუთხეში პასი მიაწოდა, მან კი ორი სწრაფი შეხებით მეტი ქეში მოატყუა და მარჯვენა ფეხით ისეთი ძლიერი დარტყმა შეასრულა, რომ ბურთი „ვილას“ კარში იმაზე სწრაფად შეფრინდა, ვიდრე ბირმინგემელთა მეკარე ხელის გაწვდენას მოასწრებდა.
ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია, ასეთი გენიალური ეპიზოდები შექმნას, თუმცა კვარაცხელიას აქვს უნარი, მსგავსი სასიკვდილო გასროლები ნებისმიერ მომენტში შეასრულოს. ის შეტევებს ორივე ფეხით აგვირგვინებს, მცველებზე სრული სისწრაფით მიდის, დრიბლინგს ახორციელებს და ამავდროულად ბურთის კონტროლს ინარჩუნებს. კვარაცხელია ამ ყველაფერს ისეთი ელეგანტურობით აკეთებს, მისი ყურება ნამდვილი სიამოვნებაა.
„ასტონ ვილამ“ მის წინააღმდეგ უბრალოდ ვერაფერი გააწყო. კვარაცხელია მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა ბურთითაც და მის გარეშეც. მან მოედანი 88-ე წუთზე დატოვა, როცა აქტივში 3 წარმატებული დრიბლინგი, 3 დარტყმა, 5 მოგებული ორთაბრძოლა და მეტოქის საჯარიმოში ბურთთან 9 შეხება ჰქონდა. კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებს, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ უბრალოდ „თვალის ტესტით“ ვიმსჯელებთ, ხვიჩას დონეზე სხვა არც ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს.
„გემრიელი ფეხბურთელი“
ხვიჩა კვარაცხელია ამას უკვე თითქმის ოთხი წელია აკეთებს. იგი სრულიად უცნობი მოთამაშე იყო, როდესაც 2022 წელს, „ნაპოლიმ“ სულ რაღაც 12 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველმა ფეხბურთელმა მალევე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერის სტატუსი დაიმკვიდრა და იტალიურ კლუბს, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. კვარაცხელიამ 34 შეხვედრაში 25 საგოლე მოქმედება მიითვალა და სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშის (MVP) ჯილდოც დაიმსახურა.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა და კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. მეორე სეზონში, კლუბის შიგნით არსებული ტურბულენტობისა და მწვრთნელების ხშირი შეცვლის მიუხედავად, ხვიჩა მაინც გუნდის მთავარ შემოქმედად დარჩა. „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მას მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს, რაც ნეაპოლის ლეგენდას, დიეგო მარადონას უკავშირდება. ხვიჩა თავისი ფეთქებადი სათამაშო სტილით, დაბლა ჩაწეული საფეხბურთო წინდებითა და თავდაჯერებულობით ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია ერთხელ აღწერა, როგორც „გემრიელი“ ფეხბურთელი. ეს მისთვის იდეალური ზედსართავი სახელია. მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიას თამაშის ყურება ზუსტად იმ რაოდენობის დოპამინის მოზღვავებას იწვევს, რასაც იდეალურად შეზავებული და მომზადებული რიბაი სტეიკის ჭამა — და ყოველთვის მეტის სურვილს გიტოვებს.

ფაზლის ბოლო ნაწილი ლუის ენრიკესთვის
კვარაცხელიამ ბრწყინვალე თამაში მას შემდეგაც გააგრძელა, რაც 2024 წლის ივლისში გუნდი ანტონიო კონტემ ჩაიბარა, თუმცა გარდაუვალი იყო, რომ ის უფრო დიდ სცენაზე უნდა გადასულიყო. მომდევნო იანვარს „პარი სენ-ჟერმენს“ მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა და ეს ლუის ენრიკეს პროექტისთვის ფაზლის ის დეტალი აღმოჩნდა, რომელიც ესპანელ სპეციალისტს ასე ძალიან აკლდა.
პარიზული კლუბი იმ დროისთვის ლიგა 1-ში დომინირებდა, თუმცა სეზონის პირველ ნახევარში ევროასპარეზზე ნაპერწკალი აკლდა. კვარაცხელიამ მათ სწორედ ეს შესძინა. მან უსმან დემბელესთან, დეზირე დუესთან და ბრედლი ბარკოლასთან ერთად ვარსკვლავური თავდასხმის ხაზი შექმნა.
მათმა ურთიერთგაგებამ პსჟ ახალ დონეზე აიყვანა. ეს ოთხეული ლუის ენრიკეს აგრესიულ მაღალ პრესინგს სათავეში ედგა და მუდმივი როტაციით მეტოქის ცენტრალურ მცველებს პოზიციის დატოვებას აიძულებდა. ძირითადი ქება-დიდება დემბელეს ერგო, როდესაც პსჟ-მა თავის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო — რაც სრულიად სამართლიანიც იყო, მისი წარმოუდგენელი და, საბოლოოდ, „ოქროს ბურთის“ ღირსი სტატისტიკის გათვალისწინებით. თუმცა, ზოგად გავლენას თუ შევაფასებთ, კვარაცხელიას ზუსტად იმავე დონეზე იყო.
კვარაცხელიას მცველების მოტყუება შეუძლია და ამის წყალობით, „პარი სენ-ჟერმენს“ თავისუფალი ზონები ეხსნება, რასაც ემატება ის, რომ ქართველი ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღების უზადო უნარით გამოირჩევა. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც მოთმინებას იჩენს, კონტროლს არ კარგავს და დიდი სიფრთხილით ირჩევს მომენტს, როდესაც „სასხლეტს თითი უნდა გამოჰკრას“ და თამაში გახსნას. ინდივიდუალური ოსტატობისა და ტაქტიკური დისციპლინის გამო, ის იდეალური ჯარისკაცია ლუის ენრიკესთვის, რომელიც თავის დროზე უფრო ინდივიდუალისტ კილიან მბაპეს ასეთ სტანდარტებში ვერ აქცევდა.

გასულ სეზონში პსჟ გახდა მხოლოდ მეორე გუნდი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მოიგო. დამაჯერებლობითა და შთამბეჭდავი ფეხბურთით, კვარაცხელიამ დემბელეზე და კონტინენტის ნებისმიერ სხვა ფეხბურთელზე მეტად იკაშკაშა. მან 16 მატჩში 17 საგოლე მოქმედება ჩაიწერა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში შეძლო საგოლე მოქმედების შესრულება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მის მიერ მოპოვებული პენალტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. „პარი სენ-ჟერმენი“ 0:1-ს აგებდა და რიტმის პოვნა უჭირდა, რა დროსაც ქართველმა გარემარბმა შესანიშნავად იმოქმედა, მეტოქეს წესის დარღვევა აიძულა და პენალტი მოიპოვა, რომელიც დემბელემ გამოიყენა. თუმცა, კვარაცხელიას ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში „ბაიერნთან“ ნახევარფინალის პირველ მატჩში ვიხილეთ. პსჟ-მა „პარკ დე პრენსზე“ 9-გოლიან კლასიკაში გაიმარჯვა (რაც, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სანახაობრივი და მაღალი ხარისხის თამაში იყო) — 5:4 მოგებულ შეხვედრაში კვარაცხელიამაც და დემბელემაც დუბლი შეასრულეს.
კვარაცხელიას პირველი გოლი მარცხენა ფლანგიდან მისი საფირმო რეიდისა და ცენტრისკენ შეჭრის შედეგი იყო, როდესაც იოსიპ სტანიშიჩი ჩამოიშორა და ბურთი შორეულ კუთხეში გაახვია. მოგვიანებით, მან დუბლი გაიფორმა და როდესაც შეხვედრის მიწურულს შეცვალეს, სტანიშიჩი სტადიონზე ყველაზე შვებით ამოსუნთქულ ადამიანს ჰგავდა, ხოლო პსჟ-ის ფანები თავიანთ „ოქროს ბიჭუნას“ ფეხზე წამოუდგნენ და დამსახურებული აპლოდისმენტები მიუძღვნეს.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა კლარენს ზეედორფმა Amazon Prime Video-ს ეთერში ეს მატჩი შეაფასა და კვარაცხელიათი აღფრთოვანებული დარჩა: „კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ის კიდევ უფრო უკეთესი გახდება. არ ვიცი, დარჩება თუ არა ის მარცხენა ფლანგზე, რადგან იდეალურად იცის, ნებისმიერ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს. გარკვეულ მომენტებში ის გუნდის ლიდერია და მისი საფეხბურთო ინტელექტი ძალიან მომწონს. ის ნახევარდაცვაში პლუს ერთი კაცია, ხოლო შეტევაში გარდატეხის შეტანა შეუძლია. ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია“.

ზეედორფმა კარგად აღწერა ის, რაც კვარაცხელიას განსაკუთრებულს ხდის. გარდა კარის წინ ცივსისხლიანობისა, მას აქვს ხასიათი, ნებისმიერ მომენტში მატჩის სცენარი შეცვალოს და ყოველთვის მეტოქის პოზიციების განადგურებაზეა ორიენტირებული. 25 წლის ფეხბურთელის აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის მოუხელთებელი და არაპროგნოზირებადია.
განცხადება „მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის“ შესახებ სულაც არ ყოფილა გადაჭარბებული. უეფას ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა (რომელიც ისეთი პატივსაცემი საფეხბურთო ფიგურებისგან შედგება, როგორებიც არიან კლოდ მაკელელე, ოლე გუნარ სულშერი, სერ გარეთ საუთგეიტი და რაფა ბენიტესი) კვარაცხელია 2025/26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა — რაც ამის ყველაზე მყარი მტკიცებულებაა.
ბენზემამ ეს ჯილდო 2022 წელს „ოქროს ბურთის“ მოგებამდე აიღო, დემბელემ იგივე შარშან გააკეთა. როდრიმ 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის სიაში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მომდევნო წელს „ოქროს ბურთიც“ მოიგო. სამწუხაროდ, კვარაცხელია წლევანდელი „ოქროს ბურთის“ რბოლაში ფავორიტად ალბათ მაინც არ მოიაზრება. საქართველოს ნაკრების წევრს, სავარაუდოდ, არასაკმარისად შთამბეჭდავი შიდა ჩემპიონატი შეაფერხებს — ლიგა 1-ში მან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 20 მატჩი დაიწყო, რადგან ლუის ენრიკე თავის საკვანძო მოთამაშეებს რეგულარულად ასვენებდა, რათა პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგისთვის მიენიჭებინა.
კვარაცხელიას პსჟ-ის შემადგენლობაში შიდა ტურნირებზე მხოლოდ 12 „გოლი+პასი“ დაუგროვდა, რაც ალბათ საკმარისი არ იქნება „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტების გადასასწრებად — ჩემპიონთა ლიგაზე მისი ზეადამიანური ასპარეზობის გათვალისწინებითაც კი. შესაძლოა, შანსი ჰქონოდა, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოსთან ერთად რომ ეთამაშა, თუმცა, სამწუხაროდ, ნაკრები ევროპულ საკვალიფიკაციო პლეი-ოფშიც ვერ მოხვდა. კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი და ჰარი კეინი ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ ტურნირზე ძალიან შედეგიანები იყვნენ. როდრი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო ლამინ იამალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ყველა მათგანს შესანიშნავი ინდივიდუალური სეზონი ჰქონდა კლუბების დონეზეც — განსაკუთრებით კეინს, რომელმაც „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების მაისურით 73 გოლი გაიტანა.
„ოქროს ბურთის“ ხმისცემის სისტემის ნაკლოვანება (რომელიც სტატისტიკას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ტალანტს) ნიშნავს იმას, რომ კვარაცხელია, სავარაუდოდ, პოდიუმზეც კი ვერ მოხვდება. ეს ტრაგედიაა, თუმცა ნამდვილმა საფეხბურთო ექსპერტებმა იციან სიმართლე: კვარაცხელია არაოფიციალურ მწვერვალზე დგას. თუ ის პსჟ-ის მიერ ტიტულების მოგებას კვლავ გააგრძელებს, ეს ფაქტი ოფიციალურად, შესაძლოა, 2027 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე დადასტურდეს“, — წერს Goal-ი.

ცნობისთვის, პრესტიჟული გამოცემა „ოქროს ბურთის“ რეიტინგსაც ადგენს და მის ტოპ 20-ში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი მეცხრე ადგილს იკავებს.