ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მუნდიალს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი აკლდა?“ - The Athletic ხვიჩაზე წერს

უეფას სუპერთასზე „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, გავლენიანი გამოცემა The Athletic-ი განვლილ მატჩს მიმოიხილავს და ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეულად კარგ თამაშზე აკეთებს აქცენტს. სტატიის ავტორი სვამს კითხვას, აკლდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი? შემდეგ კი ქართველის შესახებ ასეთ რამეს წერს:

„ლიონელ მესიმ, ერლინგ ჰოლანდმა და კილიან მბაპემ ყველა მოხიბლეს, მაგრამ დააკლდა თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თამაშის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიას სახით? საქართველოს არასდროს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც კვარაცხელიას უდიდეს საფეხბურთო სცენამდე გაცილებით რთულ გზას უტოვებს. აქ კი, „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ, სენსაციურად შეგვახსენა, თუ რა დაკარგა ჩრდილოეთ ამერიკამ.

დაწეული წინდები, იდეალურად ბალანსირებული დრიბლინგი, უძლიერესი დარტყმები; როდესაც საქმე ესთეტიკას ეხება, იშვიათად მოიძებნება მოთამაშე, რომლის ყურებაც ასეთი ამაღელვებელია. ამ ელეგანტური გარეგნობის მიღმა კი ცივი დაუნდობლობა იმალება, რაც მისმა გამანადგურებელმა პირველმა გოლმაც ცხადყო.

კვარაცხელია ფლობს საოცარ უნარს, შეასრულოს დრიბლინგები თვალისმომჭრელი სისწრაფით და ამავდროულად ბურთი თითქოს ფეხზე ჰქონდეს მიწებებული. სწორედ ეს თვისება აძლევს მას გადამწყვეტი წამის უპირატესობას. მის მკვეთრ მოძრაობაზე ცენტრისკენ, „ვილას“ მეკარე მარკო ბიზოტმა კარის გასწვრივ გადაინაცვლა, მაგრამ სანამ პოზიციის დაკავებას მოასწრებდა, კვარაცხელიამ მძლავრი დარტყმით ბურთი ახლო კუთხეში გაგზავნა.

ქართველი არც მხოლოდ შეტევაზე ორიენტირებული ე.წ. „ფუფუნების მოთამაშეა“. ის დაუღალავად შრომობს ბურთის გარეშეც, დასდევს „ვილას“ მცველებს, როგორც პსჟ-ს ინტენსიური კონტრპრესინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

მისი ფორმა შიდა ჩემპიონატში, სავარაუდოდ, გამორიცხავს მის რეალურ შანსებს „ოქროს ბურთზე“, რადგან გასულ სეზონში ლიგა 1-ში მხოლოდ რვაჯერ გაიტანა. ამის ნაცვლად, ის ენერგიას უფრო დიდი მოვლენებისთვის ზოგავს და ევროპულ ტურნირებზე შემოქმედებით მონსტრად გარდაიქმნება. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სუპერვარსკვლავებისგან განსხვავებით მას ზაფხულში დასვენების საშუალება ჰქონდა, მისგან კიდევ ერთ შთამბეჭდავ სეზონს უნდა ველოდოთ“.

„პარი სენ-ჟერმენი“ კვირას, საქართველოს დროით 22:45 საათზე „ლანსის“ წინააღმდეგ საფრანგეთის სუპერთასის ფინალს ითამაშებს, ლიგა 1-ის ახალ სეზონს კი 23 აგვისტოს, „რენთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამწუხაროა, რომ მსოფლიოზე არ იყო“ - CBS Sports-ის ექსპერტები ხვიჩას აქებენ
„სამწუხაროა, რომ მსოფლიოზე არ იყო“ - CBS Sports-ის ექსპერტები ხვიჩას აქებენ