„რეორგანიზაციას ვგეგმავდით, მაგრამ პირობა არ შეასრულა“ - მალდინი წასვლის მიზეზებზე
ზედიზედ სამი მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის ნაკრების გარეშე - ეს ამ საფეხბურთო ქვეყნისთვის მართლაც უდიდესი დარტყმაა და წესით, ყველა შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზებს უნდა ეძებდეს. თუმცა, სულ ახლახანს ისეთი არეულობა იყო, რომ ძნელი წარმოსადგენია უახლოეს პერიოდში რაიმე სასიკეთო ძვრები დაიწყოს. ბუნებრივია, ვგულისხმობთ პაოლო მალდინის იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე დანიშვნას და ერთი თვის შემდეგ გადადგომას. რამ გამოიწვია ფედერაციის პრეზიდენტთან, ჯოვანი მალაგოსთან უთანხმოება, ამის თაობაზე თავად ლეგენდარულმა იტალიელმა ვრცლად ისაუბრა.
პაოლო მალდინი
ჯოვანი მალაგომ აღდგომის დღეებში დამირეკა და მითხრა: „არის შანსი, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გავხდე, შენ კი მიგიჩნევ იმ ადამიანად, რომელიც მსურს ჩემს გვერდით იყოს“. მე ამ წინადადებაზე დავთანხმდი, რადგან ფეხბურთში ჩემთვის მხოლოდ ორი გუნდი არსებობს - „მილანი“ და იტალიის ნაკრები.
ამის შემდეგ მისგან დიდი ხანი არაფერი მესმოდა. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კი, მალაგომ ისევ დამირეკა და მითხრა: „ხვალ არჩევნებია, არის გამარჯვების დიდი შანსი და შენ ჩემი გუნდის წევრი იქნები“. მაშინვე დავთანხმდი და ასე გადაწყდა, რომ გავხდებოდი ფედერაციის ტექნიკური დირექტორი, ჩვენ იტალიურ ფეხბურთში სრული რეორგანიზაცია გვქონდა დაგეგმილი.
რატომ მინდოდა ლეონარდო ჩემი ასისტენტი ყოფილიყო? მე მასთან მეგობრობა, საერთო ღირებულებები და პრინციპები მაკავშირებს. ლეოს საოცარი ორგანიზაციული ნიჭი აქვს. თითქოს ყველაფერი მზად იყო დასაწყებად, მაგრამ მალაგომ რა სიტყვაც მოგვცა, არ შეასრულა და წასვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. რეალურად მუშაობა არც დამიწყია, რადგან კონტრაქტი ძალაში 1 აგვისტოდან შედიოდა. რა გახდა პრობლემა? იცით, პრეზიდენტს თავიდანვე ვკითხე, ვის უნდა შეერჩია მთავარი მწვრთნელი, მან კი მითხრა, რომ ეს მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ როგორც ყველამ ნახა, პირობა თავიდანვე დაარღვია.
შეგახსენებთ, რომ მალდინი-ლეონარდოს დუეტს იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს კანდიდატურა ჰყავდა შერჩეული, თუმცა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ერთ-ერთ რუსულ ტოტალიზატორთან თანაშრომლობდა, მისი „სკუადრა აძურაში“ მისვლა მალაგომ არ ისურვა და ახლა უკვე იტალიის ეროვნულ გუნდს რობერტო მანჩინი ხელმძღვანელობს.