„ინფანტინო სუპერლიგას ემხრობოდა“ - რა დოკუმენტები მოიპოვა The Guardian-მა
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ევროპული სუპერლიგის პროექტთან თანამშრომლობას გეგმავდა. The Guardian-ის ინფორმაციით, ამაზე მედიაში გამოქვეყნებული დოკუმენტები მიუთითებს.
2021 წლის აპრილში ცნობილი გახდა 20-გუნდიანი სუპერლიგის შექმნის ინიციატივის შესახებ, რომლის სათავეშიც „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ იდგნენ. სუპერლიგაში 15 მუდმივმოქმედი წევრი უნდა ყოფილიყო, კიდევ 5 მონაწილე გუნდი კი შესარჩევი ეტაპის საშუალებით გამოვლინდებოდა.
გულშემატკივრების, დანარჩენი კლუბებისა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან მწვავე პროტესტის შედეგად სუპერლიგის პროექტი დაიხურა. თავად ინფანტინომ უეფას კონგრესზე საჯაროდ განაცხადა, რომ ფიფა ახალი ტურნირის შექმნას ეწინააღმდეგებოდა.
„ფიფა მკაცრად გმობს სუპერლიგის შექმნას, ვინაიდან ის განკუთვნილია მხოლოდ კონკრეტული კლუბებისთვის და მოქმედი ტურნირებისგან განცალკევებას ისახავს მიზნად“, - ამბობდა ინფანტინო.
The Guardian-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ინფანტინო ამ პროექტის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო. 2020 წლის ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ახალი ტურნირი ფიფას სავაჭრო ნიშნით დარეგისტრირდებოდა და მას „ფიფა სუპერლიგა“ დაერქმეოდა.
გარდა ამისა, დოკუმენტების თანახმად, ფიფა ახალი ტურნირის მეწილე გახდებოდა, რაც ფორმატისა და კალენდრისა შეცვლის, გენერალური დირექტორის დანიშვნისა და თანხების განაწილების უფლებას მისცემდა.
ბრიტანული The Sun-ი ამ საკითხზე კომენტარისთვის ფიფას დაუკავშირდა, სადაც გამოცემას უეფას კონგრესზე ჯანი ინფანტინოს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მიუთითეს.