talkSPORT: ვიქტორ მონტალიანო ინფანტინოს წინააღმდეგ კენჭისყრას განიხილავს
ფიფას პრეზიდენტის პოსტისთვის ჯანი ინფანტინოს შესაძლოა სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს. talkSPORT-ის ინფორმაციით, კონკაკაფის პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანო სერიოზულად განიხილავს 2027 წლის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.
გამოცემის ცნობით, კანადელი ფეხბურთის ფუნქციონერის საბოლოო მიზანი მომავალში ფიფას პრეზიდენტობაა და ახლა ფიქრობს, პირდაპირ დაუპირისპირდეს ინფანტინოს თუ დაელოდოს, თავად მოქმედმა პრეზიდენტმა თქვას უარი კანდიდატურის წარდგენაზე.
წყაროები აღნიშნავენ, რომ მონტალიანოს ამჟამინდელი პრიორიტეტი კონკაკაფის პრეზიდენტად ხელახლა არჩევაა, თუმცა მისი ამბიციები ფიფას ხელმძღვანელობამდე დიდი ხანია ცნობილია.
ამავე ინფორმაციით, კონკაკაფის მკაცრი წინააღმდეგობა ინფანტინოს გეგმის მიმართ, რომლის მიხედვითაც ფიფაში კერძო ინვესტორები უნდა შესულიყვნენ, ნაწილობრივ სტრატეგიული ნაბიჯიც იყო. ორგანიზაცია ამ საკითხში უეფა-სთან დაახლოებას ცდილობს, რათა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს.
შედეგად, ამ დროისთვის ინფანტინოს წინააღმდეგ უკვე 96 წევრი ასოციაცია გამოდის — მათ შორის 41 კონკაკაფიდან და 55 უეფადან. თუ ერთიანი კანდიდატი გამოჩნდება, ისინი შესაძლოა არჩევნებში ერთიანი პოზიციითაც გამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ინფანტინოს კრიტიკა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც მისმა ურთიერთობამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ისე ფიფა-ს კომერციული სტრუქტურის კერძო კაპიტალისთვის ნაწილობრივ გახსნის გეგმამ.
ე.წ. FIFA Forward Enterprise (FFE)-ის პროექტი ფიფას კომერციული და საოპერაციო მიმართულებების გაერთიანებას ითვალისწინებს, რომელიც კერძო საინვესტიციო ფონდის დაფინანსებით იმუშავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფანტინომ ფიფას 211 წევრ ასოციაციას თითოეულს 40 მილიონი დოლარი შესთავაზა იმ პირობით, რომ პროექტს 19 სექტემბრამდე მხარს დაუჭერდნენ, თუმცა ინიციატივას უეფა, კონკაკაფი და აზიის ფეხბურთის კონფედერაცია (AFC) კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. წყაროს ცნობით, წინააღმდეგია თავად ფიფას ხელმძღვანელობის რამდენიმე გავლენიანი წევრიც.
პროტესტის ნიშნად თანამდებობა უკვე დატოვა ინფანტინოს უფროსმა მრჩეველმა კარლოს კორდეირომაც. თუ ინფანტინო არჩევნებში მონაწილეობას მაინც გადაწყვეტს, უეფაში მიაჩნიათ, რომ მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს რეალური კონკურენტი.
ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად სახელდება „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფიც, თუმცა მის გარემოცვაში აცხადებენ, რომ კატარელ ბიზნესმენს ფიფას პრეზიდენტობა „საერთოდ არ აინტერესებს“.
კიდევ ერთ შესაძლო კანდიდატად უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი განიხილება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სლოვენიელი საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას უეფა-ში ამჯობინებს და ინფანტინოსთან პირდაპირ დაპირისპირებას არ გეგმავს.
ამასთან, talkSPORT-ის ცნობით, ბოსნიის, ნორვეგიის, შვედეთის, გერმანიისა და ესპანეთის ფეხბურთის ხელმძღვანელები უკვე განიხილავენ სხვა ევროპელი კანდიდატების მხარდაჭერის შესაძლებლობას. მათ შორის ერთ-ერთი ვარიანტი „ლეგიას“ მფლობელი დარიუშ მიოდუსკია.
ფიფას პრეზიდენტობის კიდევ ერთ მომავალ კანდიდატად აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) პრეზიდენტი პატრის მოტსეპეც მოიაზრება, თუმცა ის, სავარაუდოდ, 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. წყაროს ცნობით, სამხრეთაფრიკელი ფუნქციონერი 2031 წლის არჩევნებს ელოდება, როდესაც ინფანტინოს ახალი ვადით კენჭისყრის უფლება აღარ ექნება.
ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა 18 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო არჩევნები იმავე დღეს, მაროკოს დედაქალაქ რაბატში გაიმართება.