„მესიმ მსაჯს ისე შეხედა, მან ყვითელი მომცა“ | ტომას მიულერმა წარსული გაიხსენა
ტომას მიულერმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია. გერმანელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიზე ისაუბრა და გაიხსენა ეპიზოდი, რომლის დროსაც, მისი აზრით, ყვითელი ბარათი უსამართლოდ მიიღო.
„არგენტინას ვამარცხებდით და ერთ-ერთ ეპიზოდში მესი ჩემ გვერდით იდგა. ბურთი მინდორზე დაეცა და შემდეგ ხელზე მომხვდა, რომელიც სხეულთან მქონდა. მსაჯმა მაშინვე ყვითელი ბარათი მიჩვენა და ვფიქრობ, ამის მიზეზი ის იყო, რომ მესი ჩემ გვერდით იდგა. ვიგრძენი, რომ მესიმ მსაჯს ისე შეხედა, თითქოს უთხრა: „ვაგებთ და გთხოვ, ცოტათი დაგვეხმარე“.
მიულერს აქცენტი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრაზე ჰქონდა. „ბუნდესმანშაფტი“ „ალბისელესტეს“ 1:0-ს ამარცხებდა და ტომასმა ყვითელი ბარათი 35-ე წუთზე მიიღო. საბოლოოდ, იმ შეხვედრაში გერმანიამ იმარჯვა და დიეგო მარადონას გუნდი 4:0 დაამარცხა.
არგენტინასთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო მიულერმა ნახევარფინალური შეხვედრა გამოტოვა. მისი გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. „ფურია როხა“ ჩემპიონი გახდა, ხოლო „ბუნდესმანშაფტი“ მესამე ადგილს დასჯერდა.